€100 მილიარდი თავდაცვისთვის - გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ოლაფ შოლცის მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, გერმანიის თავდაცვის გაძლიერებისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
პარლამენტის ზედა პალატამ, იგივე ბუნდესრატმა, რომელიც გერმანიის 16 რეგიონის წარმომადგელობით არის დაკომპლექტებული, გაიმეორა ქვედა პალატის დეპუტატების გადაწყვეტილება, რომლებმაც ერთი კვირით ადრე, მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას.
ოლაფ შოლცმა ეს წინადადება პირველად 27 თებერვალს გააჟღერა, რაც გამოწვეული იყო უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრით.
მართველი კოალიციის მსგავსად, ოპოზიციის დიდი ნაწილიც დათანხმდა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყანამ შეასრულოს ნატოს შეთანხმებით განსაზღვრული პირობა, და ქვეყნის ბიუჯეტის 2% თავდაცვას მოახმაროს.
ბუნდესრატის თანხმობა წარმოადგენდა ბოლო საპარლამენტო სტადიას, რათა ინიციატივა დამტკიცებულიყო.