"ჩვენ დათვლილი გვაქვს, რამდენი ტანკი, საარტილერიო დანადგარი და სხვა შეიარაღება დაგვჭირდება ამისთვის. ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა უნდა კონცენტრირდეს. მომიტევონ სანგრებში მყოფმა ჩვენმა ჯარისკაცებმა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ვკონცენტრირდეთ რესურსების აკუმულირებაზე უფრო ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლებისთვის, რომელიც მომავალ წელს განვითარდება",- ვალერი ზალუჟნი The Economist-თან ინტერვიუში, 15 დეკემბერი, 2022 წელი.
მართლაც, სანგრებში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის გასული 5 თვე განსაკუთრებით მძიმე იყო - პერიოდი, როდესაც მასშტაბური კონტრიერიშის მოსამზადებლად უკრაინამ ძალების დაზოგვა დაიწყო. გასულ თვეებში უკრაინამ ფრონტის ხაზიდან გაიყვანა ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფების დიდი ნაწილი, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი კი საზღვარგარეთ წვრთნებისთვის გაემგზავრა. ახლად ჩამოყალიბებული და გადახალისებული ბრიგადები უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ხელუხლებლად დატოვა და ზამთრის მძიმე ბრძოლებში არ ჩართო.
ეს ყველაფერი კი რუსეთის მიერ წამოწყებული ზამთრის კამპანიის ფონზე ხდებოდა - საერთაშორისო მედიის ყურადღება ძირითადად ბახმუტის ბრძოლისკენ იყო მიმართული, მაგრამ რუსეთის არმია ამავე პერიოდში კიდევ 6 მიმართულებით უტევდა. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა უკრაინულმა არმიამ კიდევ ერთხელ გადააჭარბა მოლოდინებს და ჯამურად, წარმატებული თავდაცვითი წარმატებული კამპანია აწარმოვა.
"ჩვენი მედია და პოლიტიკოსები ბევრს საუბრობენ მომავალ იერიშზე, მაგრამ ახლა ასე არ არის. ჯერ ჩვენ თავდაცვაში ვდგავართ და მოწინააღმდეგეს ვიგერიებთ",- გვითხრა უკრაინელმა მებრძოლმა საბრძოლო მეტსახელით "არტისტი". დანაყოფების პოზიციებს ბახმუტის შემოგარენში მარტის დასაწყისში ვესტუმრეთ.
უკრაინელი მებრძოლი მეტსახელად არტისტი - 2023 წლის 4 მარტი, ბახმუტის შემოგარენი - ფოტო ტბელ აბუსერიძე
ზამთრის მძიმე ბრძოლებისა და მტკივნეული დანაკარგების შემდეგ, მოახლოვდა უკრაინის დაანონსებული კონტრიერიშიც, რომელსაც მთელს მსოფლიოში დიდ მოლოდინებს უკავშირებენ. იერიში, რომელმაც ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, შესაძლოა, შეუქცევადად შეცვალოს ომის ტრაექტორია.
ეჭვგარეშეა ერთი რამ - მოახლოებული კონტრიერიში უკრაინის არმიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამხედრო ოპერაცია იქნება. ოპერაცია, რომელმაც თავისთავად შესაძლოა არ დაასრულოს ომი, მაგრამ მნიშვნელოვნად მოაახლოოს უკრაინის გამარჯვება.
წინათქმა
კრემლის ჩანაფიქრით, უკრაინის მთავრობის დამხობის და დამორჩილების კამპანია მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა დასრულებულიყო. რუსეთის არმიის მომზადების დონე, მათი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგიული სითავხედე ერთ რამეზე მეტყველებდა - პუტინის ჩანაფიქრით, არმიას უკრაინაში დამხმარე როლი უნდა ჰქონოდა.
ФСБ-ს ვითარება საკმარისად მომზადებული უნდა ჰქონოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეჭრილ ოკუპანტებს უკრაინელები ყვავილებით დახვედროდნენ. ამ ჩანაფიქრში არმია მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის და შესაძლო პროტესტის ჩასახშობად იქნებოდა საჭირო. გათვლა არა მასშტაბურ კონვენციურ ომზე, არამედ ელვისებურ სახელმწიფო გადატრიალებაზე კეთდებოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინს სურდა, 2014 წლის ყირიმის 'წარმატება' მთელი უკრაინის მასშტაბით განევრცო.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გეგმა ჩავარდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უმსხვილესი კონვენციური ომი დაიწყო. ამან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო არამხოლოდ პუტინი, არამედ რუსი გენერლებიც, რომლებმაც ომის დაწყებამდე ვერ გაბედეს ეთქვათ მისთვის სიმართლე რუსეთის არმიის რეალური მდგომარეობისა და გეგმის აბსურდულობის შესახებ.
სტრატეგიული თვალსაზრისით, კამპანიის ჩავარდნა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 1 თვის თავზე გახდა თვალსაჩინო. ცოცხალი ძალის სიმცირის გამო, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე თხლად განაწილდა, ხოლო მომარაგების ხაზები ძალზედ გაიწელა. სწორედ ამ სისუსტით ისარგებლა უკრაინის არმიამ და უმძიმესი პირველი კვირების შემდეგ მტკივნეული შეტევები წამოიწყო. შედეგად, სრულად გათავისუფლდა კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის ოკუპირებული ნაწილები. ეს მიმდინარე ომში უკრაინის პირველი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
ირპენი - 2022 წლის 27 თებერვალი - ფოტო - ტბელ აბუსერიძე
კიევთან განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის სამხედრო სტრატეგია დონბასზე კონცენტრირდა - კრემლის მიერ Casus beli-დ გამოცხადებული უკრაინული რეგიონის სრული ოკუპაცია ვლადიმირ პუტინისთვის კიევთან განცდილი მარცხის შემდეგ პროგრამა მინიმუმი გახდა. ამ რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილის ოკუპაცია რუსეთ-უკრაინის პირველი ომის დროს, 2014 წელს მოხდა. მაშინ უკრაინელთა წინააღმდეგობის ფონზე ოკუპაცია ქალაქ დონეცკის შემოგარენთან შეჩერდა.
ამჯერად რუსეთს ოლქის სრულად დაკავება სურდა - დაიწყო დონბასის პირველი ბრძოლა.
ამ ბრძოლაში რუსეთის არმია ცოცხალი ძალის დანაკლისს განიცდიდა, რასაც გამანადგურებელი საარტილერიო ცეცხლით აბალანსებდა. გასული წლის მაისი და ივნისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი პერიოდი იყო. ამ მომენტისთვის უკრაინას პრაქტიკულად სრულად ამოწურული ჰქონდა საბჭოთა საარტილერიო დანადგარების ჭურვები, ხოლო დასავლეთს მძიმე შეიარაღების მიწოდება ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა.
"იყო პერიოდი, როდესაც ჩვენს პოზიციებზე საათში დაახლოებით 200 ჭურვის მოფრენას ვითვლიდით. ჩვენმა მებრძოლებმა არ იცოდნენ, იცოცხლებდნენ თუ არა საღამომდე", - გვეუბნება ვიტალი, რომელიც მეოთხე ცალკეული ბრიგადის სადაზვერვო-მოიერიშე დანაყოფის მეთაურია. ვიტალის დანაყოფები დონბასის ქალაქ რუბიჟნოეში იბრძოდა.
მეოთხე ცალკეული ბრიგადის საშტურმო-მოიერიშე ბატალიონის მეთაური ვიტალი - დრუჟკივკა 2023 წლის 4 მარტი, ფოტო ტბელ აბუსერიძე
არათანაბარი პირობების მიუხედავად, უკრაინამ შეძლო რუსეთი ბრძოლაში მათთვის ხელსაყრელ პირობებზე ჩაეთრია. ამ პერიოდში უკრაინა ყოველდღიურად 200-მდე მებრძოლს კარგავდა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ოკუპანტების დანაკარგები ჯერადად მეტი იყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს საჭირო დროის მოგება.
ქალაქ სევეროდონეცკისთვის სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, კამპანიის მიწურულს, რუსეთმა სრულად დაიკავა ლუჰანსკის ოლქი, თუმცა ამ დროისთვის მათი ძალები უკვე გამოფიტულია. კიდევ უფრო მწვავდება ცოცხალი ძალის უკმარისობის პრობლემა - ნათელი ხდება, რომ მასირებული იერიშის წამოსაწყებად რუსეთს ძალები აღარ ჰყოფნის.
მათემატიკური ანალიზის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, 2022 წლის ივლისი მიმდინარე ომში გადაღუნვის წერტილად იქცა - მომენტი, როდესაც ფუნქციის გრაფიკი იცვლის ამოზნექილობას, ანუ გადადის ამოზნექილობიდან ჩაზნექილობაში ან პირიქით.
სწორედ ამ აზრს ავითარებენ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტისთვის დაწერილ სტატიაში სამხედრო ექსპერტები რობ ლი და მაიკლ კოფმანი. ნაშრომში სათაურით "როგორ განაპირობა დონბასის ბრძოლამ უკრაინის წარმატება" ავტორები წერენ: "ЗСУ-ს წარმატება ხერსონსა და ხარკივში დიდწილად განპირობებული იყო იმ დანაკარგებით, რომელიც უკრაინამ რუსეთის არმიას გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში დონბასის ბრძოლის დროს მიაყენა."
კოფმანისა და ლის თქმით, სწორედ რუსეთის არმიის გამოფიტვამ გახადა შესაძლებელი უკრაინის სწრაფი და წარმატებული კონტრიერიში.
ინიციატივის დაუფლების საშუალება უკრაინას ბევრი ფაქტორის ერთობლიობამ მისცა, ხოლო ბრძოლის ველზე ამის გაკეთება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკული ადმინისტრაცია მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ უკრაინისთვის HIMARS-ების მიწოდებას დათანხმდა. ამ მომენტიდან ოკუპანტების სამეთაურო შტაბები, ტყვია-წამლის საწყობები, მომარაგების ხაზები და კონცენტრაციის წერტილები მყისიერი საფრთხის ქვეშ დადგა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეაქტიული ცეცხლის ამერიკულმა სისტემებმა მიმდინარე ომში თამაშის წესები შეცვალეს.
უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს წინ უძღოდა უკრაინის ეფექტური საინფორმაციო ოპერაციები - კვირების განმავლობაში უკრაინის პოლიტიკური ლიდერები კონტრიერიშის კონტექსტში მხოლოდ ქალაქ ხერსონს ახსენებდნენ და ღიად მიანიშნებდნენ მასზე, როგორც უკრაინული არმიის იერიშის ძირითად მიმართულებაზე.
ხერსონზე იერიში მოსალოდნელი და ლოგიკური იყო წმინდად სამხედრო თვალსაზრისითაც - ქალაქი დნიპროს მარჯვენა ნაპირზე რუსების ერთადერთი პლაცდარმი იყო, სადაც სამხედრო გარნიზონის მომარაგების მხოლოდ რამდენიმე გზა არსებობდა. ამასთანავე, ხერსონი რუსების მიერ ოკუპირებული ერთადერთი რაიონული დედაქალაქი იყო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთი ხერსონის მიმართულებით რეზერვების გადასროლას იწყებს, ფრონტის სხვა მონაკვეთები კი კიდევ უფრო შიშვლდება.
ხერსონის იერიში გასული წლის 29 აგვისტოს მართლაც დაიწყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 7 სექტემბერს პარალელურად იწყება ЗСУ-ს კონტრიერიში ხარკივის ოლქში. ელვისებური ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია 10 დღეში 6 000 კვადრატული კილომეტრს ათავისუფლებს. იერიშის ფარგლებში ნადგურდება რუსეთის პლაცდარმი ქალაქ იზიუმში. შედეგად, რუსეთის შანსები, დაიკავოს დონეცკის დარჩენილი ნაწილი, მინიმუმამდე მცირდება.
პარალელურად, ძალას იკრებს ЗСУ-ს იერიში ხერსონის მიმართულებითაც. ხარკივში უკვე განცდილი და ხერსონში მოსალოდნელი მარცხის ფონზე, ვლადიმირ პუტინი პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში სამხედრო მობილიზაციას აცხადებს. მობილიზაცია ხერსონის ბედს ვეღარ შეცვლის - უკრაინელებს მზარდი უპირატესობა აქვთ და ქალაქს სწრაფად უახლოვდებიან.
ამ ფონზე, სერგეი სუროვიკინის რეკომენდაციით, შოიგუ ნახევრად მოხალისეობრივ ფორმატში ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანებას იძლევა. ხარკივისგან განსხვავებით, ხერსონიდან ოკუპანტები ორგანიზებულად გასვლას ახერხებენ, თავიდან ირიდებენ ალყაში მოქცევას და ინარჩუნებენ სამხედრო ტექნიკას.
11 ნოემბრისთვის ქალაქ ხერსონს ბოლო ოკუპანტი ტოვებს. უკრაინის არმია ჯერ ისევ აგრძელებს იერიშს ხარკივის ოლქში, ЗСУ-ს წინსვლის ტემპი კი ეტაპობრივად იკლებს. მობილიზაციის ფარგლებში აყვანილ ათასობით მოქალაქეს რუსეთი ყოველგვარი მომზადების გარეშე პირდაპირ ფრონტზე გზავნის. რუსეთის არმია ფრონტის ხაზის კონსოლიდაციას იწყებს. ცოცხალი ძალის შედინების ფონზე რუსეთი ახერხებს, თავიდან აიცილოს ფრონტის სწრაფი გარღვევა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში - 2022 წლის 14 ნოემბერი
დეკემბრის დასაწყისში უკრაინის არმია უკვე კრემენნაიას გარეუბნებთან იბრძვის, თუმცა მალევე იცვლება ამინდი, გზებზე ტალახი გროვდება, მათი მობილურობა მკვეთრად ეცემა, თავს იჩენს ხერსონისა და ხარკივის იერიშში განცდილი დანაკარგების ეფექტი. ბევრი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევდა, რომ უკრაინელები იერიშის გაგრძელებას ზამთარშიც შეძლებდნენ, თუმცა გასული წლის დეკემბრიდან უკრაინის არმია ეტაპობრივად თმობს ინიციატივას.
მობილიზაციის გამოცხადების მოთხოვნები რუსეთში პირველად ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაისმა - ნათელი იყო, რომ რუსეთის არმიის რიცხოვნობა არ შეესაბამებოდა დასახული ამოცანის სირთულეს. ამის მიუხედავად, პოლიტიკური რისკების გამო ვლადიმირ პუტინი ამისგან თავს იკავებდა. მისი მართვის ფილოსოფია სწორედ მოსახლეობის დემობილიზაციას, პოლიტიკური პროცესისგან გათიშვას ეყრდნობოდა. ამ ფონზე ვლადიმირ პუტინმა წლების განმავლობაში ნაცად ხერხს მიმართა და გადაწყვიტა, 'ზღვისპირას უკეთეს ამინდს დალოდებოდა.'
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტმა ზამბარა მაქსიმალურად გაწელა, თუმცა მოცდის ფუფუნება საბოლოოდ ხარკივთან დამამცირებელი მარცხის შემდეგ დაკარგა. სავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მობილიზაციის სახით მტკივნეული ნაბიჯის გადადგმას გენერლების მხრიდან გამარჯვების მყარი გარანტიების სანაცვლოდ დათანხმდა - ასეთია გარიგების პირობები.
სწორედ ამაზე მიანიშნებს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურად გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნა. ამ პოსტზე გერასიმოვის მთავარი ამოცანა პუტინისთვის საჭირო პროგრამა მინიმუმის უზრუნველყოფა - დონბასის სრულად დაკავებაა.
გერასიმოვი ანაცვლებს სუროვიკინს, რომლის სახელიც სამუდამოდ დაუკავშირდა ხერსონის 'დაკარგვას.' სწორედ გერასიმოვია ის, ვინც უნდა აღკვეთოს მსგავსი უკან დახევები, 'გადაჯგუფებები' და 'კეთილი ნების ჟესტები' მომავალში. ბოსი მისგან დამაჯერებელ გამარჯვებას ელის.
ათი ათასობით მობილიზებულითა და რეციდივისტით და სამხედრო საწყობებიდან გამოტანილი 1950-60-იანი წლების შეიარაღებით გაძლიერებული ვალერი გერასიმოვი იანვრის მეორე ნახევარში ზამთრის კამპანიას იწყებს.
გერასიმოვის ჩავარდნილი კამპანია - საჩუქარი ЗСУ-ს
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე საერთაშორისო მედიაში ომთან დაკავშირებით მოლოდინები სწრაფად შეიცვალა. ბევრი კომენტატორი რუსეთის ახალ მასშტაბურ იერიშზე ალაპარაკდა, მსგავსი გზავნილები ჟღერდებოდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისგანაც. მიიჩნეოდა, რომ რუსეთი რაღაც გრანდიოზულისთვის ემზადება.
გაზვიადებული მოლოდინების ფონზე იანვარში რუსეთის არმიის გააქტიურება პროფესიულ წრეებში კამათისა და დისკუსიის საფუძველი გახდა - ერთი შეხედვით ნათელი იყო, რომ რუსეთის არმია დროის მოკლე მონაკვეთში შეტევაზე გადავიდა რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ეს ყველაფერი არ მოგვაგონებდა დიდ იერიშს, ან მარშს კიევზე, რაზეც მანამდე ბევრს საუბრობდნენ.
მიიჩნეოდა, რომ შოიგუს უწყება 300 ათას მობილიზებულს, ფრონტის ხაზის გამაგრების გარდა, ახალი შენაერთების შესაქმნელად გამოიყენებდა. მალევე ნათელი გახდა, რომ ურალის უკან არანაირი მეორე არმია არ არსებობს. სწრაფი გამარჯვების სურვილით რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მობილიზებულები მყისიერად ჩართო ბრძოლაში, შეივსო დანაკარგები, გადახალისდა ბრიგადებისა და ქვედანაყოფების შემადგენლობა.
დონბასის ასაღებად მორიგი კამპანია გერასიმოვმა 26 იანვარს ვუჰლედარზე სატანკო და ჯავშანტექნიკის კოლონების მასირებული შტურმით დაიწყო. დონეცკის სამხრეთის ამ მიმართულებით, ოკუპანტების მიზანი არა იმდენად სტრატეგიული შეტევის ხაზის განვითარება, არამედ უკრაინის მოსალოდნელი კონტრიერიშის ფონზე პოზიციური გაუმჯობესება იყო.
ეს ვუჰლედარის დაკავების მეორე მცდელობა იყო - ნოემბრის დასაწყისში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 2 საზღვაო ბრიგადა ვუჰლედარისკენ დაიძრა, თუმცა შეტევა პირველ 24 საათში უმძიმესი დანაკარგებით ჩაიხრჩო. სხვადასხვა მონაცემებით, გენერალ რუსტამ მურადოვის კარიერის გადასარჩენად წამოწყებულ მოუმზადებელ შეტევაში 300 საზღვაო ქვეითი მოკვდა.
მალევე გავრცელდა ჯარისკაცების მიერ ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა. პროტესტის მცდელობა ჰქონდათ რუსი სამხედროების ცოლებსაც. საინფორმაციო ხმაურის შემდეგ ვუჰლედარის მიმართულებით ამ ტიპის შეტევები ცოტა ხნით შეწყდა, თუმცა სწორედ მსგავსი ხასიათი ჰქონდა რუსეთის არმიის ზამთრის წარმოებულ სხვა ოპერაციებსაც. ავდიივკაში, მარინკაში, კუპიანსკში, ბელოგორივკაში და კრემნნაში რუსეთის არმიის შეტევები დიდი დანაკარგებით, არსებითი წინსვლის გარეშე შეჩერდა.
RAND Corporation-ის უფროსი სამხედრო მკვლევრის, დარა მასიკოს თქმით, ბრძოლის გარკვეულ ასპექტში რუსეთის არმიის ტაქტიკური ადაპტაციის მიუხედავად, ჯამში ვალერი გერასიმოვმა იმავე სტრატეგიას მიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ომის საწყის ფაზაში მიჰყვებოდა.
შეცდომებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის ინტელექტუალური ლპობის სიმბოლოდ იქცა რუსეთის არმიის განმეორებითი შეტევა იმავე ვუჰლედარის მიმართულებაზე. თებერვლის დასაწყისში უკრაინული პოზიციებისკენ დაძრული რუსული ტანკებისა და მძიმე ტექნიკის კოლონა უკრაინელების კარგად გამაგრებულ თავდაცვის ზღუდეს გადაეყარა. ORYX-ის ცნობით, არასრული 2 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ 30-მდე ტანკი და რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რთული სათქმელია, რა დანაკარგები განიცადეს რუსებმა ცოცხალი ძალის თვალსაზრისით.
განადგურებული რუსული ტანკები ვუჰლედართან - 2023 წლის 9 თებერვალი
ე.წ. ადამიანური ტალღების შეტევებს რუსეთის არმია მთელი ზამთრის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა წერტილში აგრძელებდა. პარალელურად, ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთი კვლავ აწარმოებდა ომს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის წინააღმდეგ.
ამ დროის განმავლობაში უკრაინაზე 20 ათასზე მეტი სარაკეტო და დრონების შეტევა მოხდა - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორი რუსეთის სამხედრო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდა. სარაკეტო კამპანიას ბრძოლის ველზე დიდი გავლენა არ ჰქონია, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
ზამთრის კამპანიაში რუსეთს სტრატეგიული წინსვლა არ ჰქონია, თუმცა მათი დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა. 12 თებერვალს რუსეთის არმიის დანაკარგების ზრდის შესახებ წერდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა. დაღუპულების ზრდის ტენდენცია გამოავლინა BBС-ის რუსული სამსახურისა და Mediazona-ს ერთობლივმა პროექტმა, რომელიც რუსეთის მხარეს დანაკარგების რაოდენობას ითვლის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში დაღუპულებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად მობილიზებულებსა და რეციდივისტების კატეგორიაში გაიზარდა. პარალელურად, მთელი ფრონტის პერიმეტრზე რუსეთის გენშტაბი აქტიურად მიმართავდა გადაადგილებას - იცვლებოდნენ უმაღლესი რანგის მეთაურები, მომარაგების ხელმძღვანელები და დანაყოფები.
ასე მაგალითად, ხერსონიდან გამოყვანილი ВДВ-ს ნაწილები მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კრემენნაიასთან აღმოჩნდნენ. მოულოდნელად მობილიზებულების დანაყოფები ე.წ. ДНР-ს მილიციას შეუერთეს და ავდიივკასთან გამოამწყვდიეს. იერიშის მიწურულს გამოჩნდა შოიგუს უწყების კიდევ ერთი ნოუ-ჰაუ - რეციდივისტებისგან დაკომპლექტებული ე.წ. შტორმ-ასეულები. მათი ეფექტურობის დონე, რბილად რომ ვთქვათ, მაღალი არ ყოფილა.
ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მაიკლ კოფმანის თქმით, ზამთრის კამპანიამ აჩვენა, რომ რუსეთის არმიას ამჟამინდელ მდგომარეობაში უბრალოდ არ შესწევს უნარი, შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ დასახული მიზნები (Non mission Capable army). ეს არის არმია, რომელიც 6 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს ტაქტიკური მნიშვნელობის მქონე სოფლის დაკავებას.
მთელი ზამთრის განმავლობაში კვლავ აქტიურად ვრცელდებოდა მობილიზებულების თუ რეგულარული დანაყოფების ვიდეო-მიმართვები, რომლებშიც ეს უკანასკნელნი მეთაურების გულგრილობაზე, ამუნიციისა და აღჭურვილობის უკმარისობაზე საუბრობდნენ. მკაფიოდ შეიმჩნეოდა პრობლემები საბრძოლო სულისკვეთების კუთხით. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რუსეთის არმიის რიგებში უმცროსი საოფიცრო შემადგენლობის უკმარისობის კუთხით. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მაღალი რანგის მეთაურები ამერიკული HIMARS-ების შიშით ფრონტის ხაზიდან 80 კილომეტრის დაშორებით სხედან.
გადაუწყვეტელი დარჩა როტაციის საკითხი - როდესაც ჯარისკაცს მიყოლებით დიდი ხნის განმავლობაში ფრონტის ხაზზე შესვენების გარეშე უწევს ყოფნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით ფრონტზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 21-28 დღეა, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როდესაც დანაყოფები როტაციაზე 6 თვის განმავლობაში არ გასულან.
"გერასიმოვმა რუსეთის არმია გამოფიტა. ეს იყო საუკეთესო საჩუქარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ამბობს მაიკლ კოფმანი.
გამოფიტვის გარდა საყურადღებოა ისიც, რომ ზამთრის ჩავარდნილმა კამპანიამ გარდაუვალი გახადა მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადება. უკვე მრავალი თვეა, კრემლი მთელი ქვეყნის მასშტაბით რეკრუტირების აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კამპანია პოპულარული გახდეს რუსეთის მოსახლეობაში, რომელიც ამ დრომდე ომს პასიური გულშემატკივრის პოზიციიდან ადევნებდა თვალს.
სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს რუსეთის არმია ვეღარ შეძლებს ძალების აღდგენას მასშტაბური იერიშის დასაწყებად. თავისთავად, ეს ქმნის ხელსაყრელ მოცემულობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის - მათი იერიშის წარუმატებლობის ან მოსალოდნელზე ნაკლები წარმატების შემთხვევაშიც, რუსეთის მხრიდან მასშტაბური იერიშის საფრთხე მცირეა.
ეს მოახლოებული კონტრიერიშის ფონზე მნიშვნელოვანია ფაქტორია, რაც უკრაინელ სამხედროების მოქმედების მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას მისცემს, ЗСУ-ს ხელმძღვანელობა კი უფრო თამამი იქნება რესურსების განკარგვის კუთხითაც.
Ground Zero - ბახმუტი
ზამთრის კამპანიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ბახმუტის ბრძოლამ. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ქალაქი ძირითადად ადგილობრივი წარმოების ცქრიალა ღვინით იყო ცნობილი. ბახმუტი, რომელსაც 70 ათასი ადამიანი საკუთარ სახლს ეძახდა, ზამთრის განმავლობაში მიმდინარე ომის მთავარი სიმბოლო და აზოვსტალის ქარხანასთან ერთად უკრაინის უტეხი წინააღმდეგობის ყველაზე კაშკაშა განსახიერებად იქცა. რუსული აგრესიის შედეგად, ბახმუტისგან პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ბახმუტს რუსეთისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა იქამდე ჰქონდა, სანამ იზიუმის პლაცდარმს ფლობდა. ეს რუსეთს ერთდროულად აძლევდა შეტევის დამხმარე ღერძსა და კომფორტულ ლოჯისტიკურ ცენტრს. მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ იზიუმი ელვისებური კონტრიერიშის ფარგლებში გაათავისუფლა, ბახმუტმაც რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. მათ აღარ ჰქონდათ დამხმარე ღერძი, ხოლო დარჩენილი ძალები ყველაზე სასურველ სცენარებშიც კი არ იქნებოდა საკმარისი კრამატაროსკი-სლოვიასნკი-დრუჟკივკა-კონსტანტოვკის ხაზის პენეტრაციისთვის.
ბახმუტის შემდეგ კი სწორედ ЗСУ-ს კარგად გამაგრებული ქალაქების აგლომერაცია მოდიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბახმუტის აღების შემთხვევაშიც, ოკუპანტებს არ გაეხსნებოდათ ოპერატიული სივრცე, მათ არ ეყოფოდათ ძალები მომენტუმის განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, ბახმუტი რუსეთის ზამთრის კამპანიის ინფორმაციული და პროპაგანდისტული ძალისხმევის ეპიცენტრში მოექცა.
ბახმუტის კამპანიის სახე ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი გახდა. ჩავარდნილი კამპანიის ფონზე ნებისმიერ გამარჯვების ფასი გაიზარდა, განსაკუთრებით კი შოიგუსთან საჯარო კონფლიქტში მყოფი ევგენი პრიგოჟინისთვის, რომელსაც ბახმუტმა საკუთარი ეფექტურობის დამტკიცებისა და შიდა იერარქიაში პოზიციის გაუმჯობესების საშუალება მისცა.
მით უფრო, რომ პრიგოჟინს გაეხსნა წვდომა რეციდივისტების პრაქტიკულად უძირო რესურსზე, რომლებიც რუსეთისთვის არ წარმოადგენენ რამენაირად ღირებულ რესურსს - პატიმრების გარდაცვალება 'სპეცოპერაციის ზონაში' არ ატარებს მნიშვნელოვან სოციალურ რისკებს. ეს უარყოფითად არ მოქმედებს არც შრომით ძალაზე, ვინაიდან პატიმრები ისედაც არ არიან აქტიური ეკონომიკის ნაწილი.
ამ ფონზე, პრიგოჟინმა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბახმუტის ხორცსაკეპი მანქანა ჩართო. ე.წ. ადამიანური ტალღების შეტევების პრაქტიკამ ახალი მასშტაბი შეიძინა. ეს ბახმუტში რუსეთის არმიის ტაქტიკის ცენტრალური ნაწილი გახდა.
ბახმუტში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები - ქალაქ დნიპროს სამხედრო საავადმყოფო 2023 წლის 3 მარტი
თავდაპირველად, უკრაინული არმია წარმატებით უმკლავდებოდა ვაგნერისგან მომავალ საფრთხეს, მაგრამ პრაქტიკულად ამოუწურავი ცოცხალი ძალის ხარჯზე, ვაგნერელებმა ბახმუტის ირგლივ მომენტუმის განვითარება შეძლეს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო უკრაინის გადაწყვეტილება ფრონტის ხაზიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფის გაყვანის და კონტრიერიშის მომზადების დაწყების შესახებ. სხვადასხვა მონაცემებით, ფრონტის ხაზი წვრთნებისა და როტაციისთვის 50 ათასამდე უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა. უკრაინა იძულებული იყო, ბახმუტში თავდაპირველად შედარებით გამოუცდელ ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებს დაჰყრდნობოდა.
ЗСУ-სთვის ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც მოულოდნელი დარტყმის შემდეგ ვაგნერმა ახლოს მდებარე სოლედარის დაკავება შეძლო. ამან პრიგოჟინის ბოევიკებს შეტევის ახალი ხაზები გაუხსნა, უკრაინული გარნიზონის მომარაგება კი საგრძნობლად გართულდა. ამავე პერიოდში დასავლურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები დასავლელი მოკავშირეების მოწოდებების შესახებ.
ამ ცნობების მიხედვით, ამერიკელები ურჩევდნენ უკრაინელებს, დაეტოვებინათ ქალაქი და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გამაგრებულიყვნენ. ამგვარი რჩევის საფუძველი უკრაინის მხარეს გაზრდილი დანაკარგები და დანაკარგების თანაფარდობის გაუარესება იყო.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას ემხრობოდნენ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაშიც. თებერვლის მიწურულს, როდესაც უკრაინაში ვიმყოფებოდით, მიიჩნეოდა, რომ გადაწყვეტილება ბახმუტის დატოვების შესახებ უკვე მიღებული იყო.
ბახმუტის ირგვლივ ამ მომენტში არსებულ უმძიმეს ვითარებას ეხებოდა სოციალურ ქსელებში მოგვიანებით გავრცელებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები.
ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 27 თებერვალს უკრაინული გარნიზონი დაუყოვნებლივი ალყის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. დოკუმენტის მიხედვით, ბახმუტთან შექმნილ ვითარებას კატასტროფულს უწოდებდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მალევე გასაგებად განმარტა, რომ ქალაქიდან უკან დახევა არ განიხილებოდა. მოგვიანებით იმავე პენტაგონის დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ვითარების სტაბილიზაცია უკრაინის ელიტური დანაყოფების გადასროლის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. უკრაინის გადაწყვეტილების სისწორეზე კამათი პროფესიულ წრეებში მთელი ზამთრის განმავლობაში არ წყდებოდა. მოსალოდნელია, რომ ეს კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
საეჭვო სამხედრო-სტრატეგიული ღირებულების მიუხედავად, ბახმუტმა უკრაინისთვის უდიდესი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა შეიძინა.
პოპულარული ანალოგიით ომს ხშირად ორი მხარის ნებისყოფის შეჯიბრად აღიქვამენ. უკრაინას სურდა ეჩვენებინა, რომ მზად არის მიწის თითოეული გოჯისთვის ბოლომდე იბრძოლოს და მტერს ნებისმიერ წინსვლაში უმძიმესი ფასი გადაახდევინოს. საბოლოოდ, ვაგნერმა მაისის მიწურულს მაინც შეძლო ქალაქის დარჩენილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილის დაკავება, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ქალაქის ალყაში მოქცევა, რაც მათ თავდაპირველ ჩანაფიქრს წარმოადგენდა.
თავად პრიგოჟინის აღიარებით, ბახმუტში 20 ათასი რუსი ოკუპანტი მოკვდა.
სავარაუდოა, რომ დანაკარგები საკმაოდ მაღალი იყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც. სწორედ ამ დანაკარგების ფასად მოხერხდა რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფის შეკავება უკრაინისთვის სტრატეგიულად მეორეხარისხოვან მიმართულებაზე. დღეს ბახმუტში გამაგრებული რუსული დანაყოფები კვლავ მოწყვლად სიტუაციაში არიან, ხოლო ვაგნერი იძულებულია ძალების აღსადგენად საომარი მოქმედებების ზონიდან დროებით გავიდეს.
დნიპროს სამხედრო საავადმყოფო - 2023 წლის 3 მარტი, ფოტო ტბელ აბუსერიძე
რთული სათქმელია, რამდენად გამართლებული იყო უკრაინის გადაწყვეტილება ბახმუტში დარჩენის შესახებ. ისევე, როგორც დონბასის პირველი ბრძოლის შემთხვევაში, ბახმუტის ბრძოლის ეფექტი მოახლოებული კონტრიერიშის ფარგლებში მომდევნო თვეებში გამოჩნდება.
რით შეუტევს უკრაინა
The Economist-ისთვის მიცემულ იმავე ინტერვიუში ვალერი ზალუჟნიმ ჩამოთვალა მძიმე შეიარაღების ტიპები და დაახლოებითი რაოდენობა, რაც უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლის საზღვრებზე გასვლისთვის დაჭირდებოდა. ზალუჟნი ამბობდა, რომ ამისთვის საჭირო იყო 300 ტანკი, 700-მდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა და 500 ჰაუბიცა.
ინფორმაციის გასაიდუმლოების გამო რთულია საუბარი ზუსტ რაოდენობებზე, მაგრამ დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უკრაინამ უკვე მიიღო მოთხოვნილი შეიარაღება შესაბამისი რაოდენობით.
დასავლური წარმოების თანამედროვე ტანკებს უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა საკითხზე შეთანხმება გერმანიის ყოყმანის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ, ე.წ. სატანკო კოალიცია მაინც შედგა. სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინამ ჯამურად 575 ტანკი მიიღო. აქ შედის დასავლური წარმოების Leopard 2-ისა და Challenger 2-ის ტიპის ტანკები, თუმცა ტანკების უმრავლესობა საბჭოთა წარმოების მოდიფიცირებული მანქანებია.
სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინამ მიიღო 325 ქვეითების საბრძოლო მანქანა (БМП) და ჯამურად 1 180 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა. მათ შორის საუბარია დასავლური წარმოების თანამედროვე მანქანებზე, როგორებიცაა ამერიკული Bradley-ის და Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანები.
საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად დასავლელი მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის საარტილერიო ჭურვების მიწოდება იყო. ამ საკითხზე პრინციპული თანხმობა შედგა ევროკავშირში - გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან ჯამურად 1 მილიონ საარტილერიო ჭურვს მიიღებს.
სავარაუდოა, რომ უკრაინამ მიიღო დიდი რაოდენობით გასანაღმი სპეცტექნიკაც.
მოკავშირეებს შორის გაგრძელდა დისკუსიები უკრაინისთვის დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. დასავლური თვითმფრინავები, კონფლიქტის ესკალაციის შიშით, დასავლეთის მიერ თვითდაწესებულ უკანასკნელ და ჯერ გადაუკვეთელ წითელ ხაზად რჩებოდა. ამ საკითხზე პრინციპული თანხმობა მაისის მიწურულს დიდი შვიდეულის სამიტზე, ჰიროსიმაში შედგა. უკრაინელი პილოტები უკვე გაემგზავრნენ წვრთნებზე, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაანონსებულ კონტრიერიშში დასავლური თვითმფრინავები მონაწილეობას არ მიიღებენ.
უკრაინელი მოხალისეები ტესტავენ იმპროვიზირებულ სადაზვერვო დრონს, კიევის შემოგარენი 2023 წლის 27 თებერვალი, ფოტო ტბელ აბუსერიძე
ამერიკული F-16-ები და Gripen-ები ვერ, მაგრამ მოახლოებული კონტრიერიშისთვის უკრაინამ პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისგან სხვადასხვა ტიპის საბჭოთა თვითმფრინავები მიიღო. ავიაპარკის შევსების მიუხედავად მოსალოდნელია, რომ ეს არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის რამენაირი საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. როგორც ხარკივისა და ხერსონის შემთხვევაში უკრაინას ამჯერადაც არ ექნება საჰაერო უპირატესობა.
გარდა ამისა, უკვე მაისის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას უკვე გადაეცა შორი რადიუსის დასავლური რაკეტები. ЗСУ-ს განკარგულებაში აღმოჩნდა ფრანკო-ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ს რაკეტები, რომელთა საექსპორტო ვერსიის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრამდეა. საავიაციო ბაზირების რაკეტებმა უკრაინის არმიის წვდომის არეალი დაახლოებით 3.5-ჯერ გაზარდა. ამან, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეცვალოს თამაშის წესები რუსებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ აპრილის მიწურულს, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა, კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას უკვე გადაეცა დაპირებული შეიარაღების 98%. შედარებით ფრთხილი შეფასებები ჰქონდა უკრაინულ მხარეს - პრეზიდენტი ზელენსკი და თავდაცვის მინისტრი პერიოდულად აცხადებდნენ, რომ შეიარაღება სრულად ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.
ამ ფონზე უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დასავლეთისგან გრძელვადიანი მხარდაჭერის გარანტიები მიიღო. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ მომდევნო თვეებში გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილეს პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 2.7 მილიარდი ევრო იქნება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა ბრიტანეთის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის შორი მოქმედების დრონების გადაცემაზე. ჯავშანტექნიკის მსხვილი პაკეტი შეთანხმდა საფრანგეთთან. უკრაინის დახმარებას აგრძელებს მთავარი მოკავშირეც - მოსალოდნელია, რომ წინასწარ დამტკიცებული 46 მილიარდი დოლარის ლიმიტი შემოდგომაზე ამოიწურება.
გარდა ამისა, შემოდგომაზე უკრაინამ უნდა მიიღოს ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი 2 ბატალიონი. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მიიღებს უკრაინა GLSDB-ის ტიპის საარტილერიო რაკეტებსაც, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია.
სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტების უზრუნველყოფა მოახლოებული კონტრიერიშის კონტექსტში კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია, რაც უკრაინის გენერალურ შტაბს საჭირო თავდაჯერებულობას და მოქნილობას მატებს.
"ომს იწყებენ პროფესიონალი ჯარისკაცები და ამთავრებენ მასწავლებლები"- ვინ უტევს
თებერვლის მიწურულს უკრაინაში ყოფნის პერიოდში კონტრიერიშის მზადება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა - ქალაქებში თითქმის ყოველი მეორე ბილბორდი რეკრუტირების ეროვნული კამპანიას ეხებოდა. დიდი სარეკლამო ბანერებიდან უკრაინელებს მოუწოდებდნენ, გაერთიანებულიყვნენ ე.წ. იერიშის გვარდიაში (Гвардія наступу) რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მომდევნო კონტრიერიშში.
დრო, როდესაც უკრაინის სამხედრო კომისარიატებს მოქალაქეები მიაწყდნენ, შეიცვალა. ომში წამსვლელთა მსურველების უმეტესობა უკვე გაწევრიანდა შეიარაღებულ ძალებში. ბოლო თვეებში უკრაინა მოქალაქეების მობილიზაციასთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს განიცდიდა. სწორედ ამისთვის გახდა საჭირო სამხედრო სამსახურის რეკრუტირების მასშტაბური კამპანია. პარალელურად უკრაინის ქუჩებში მიმდინარეობდა იძულებითი მობილიზაციაც.
მკვლევრები გამოყოფენ ფენომენს, რომელსაც პირობითად შეგვიძლია შებრუნებული ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ვუწოდოთ - ომის პირველ ფაზაში, როგორც წესი, ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი სამხედროები იღუპებიან. ამ თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის მთავარი მიზანი, ჯარისკაცების რაოდენობის გარდა, ხარისხის შევსებაც იყო. უკრაინას უნდა ჩაენაცვლებინა ომის საწყის ფაზაში დაკარგული უმცროსი ოფიცრები - სერჟანტები, კაპიტნები და შეექმნა ახალი შენაერთები, რომლებიც ეფექტური იერიშის წამოწყებას შეძლებდნენ.
ამ თვალსაზრისით 24 თებერვლამდე და დღეს ეს ორი სხვადასხვა არმიაა. დანაყოფებში გაიზარდა მობილიზებულების რიცხვი, ცოცხალი ძალის უმეტესობა არა პროფესიული სამხედროები, არამედ სწორედ ყოფილი სამოქალაქო პირები არიან. ეს მოცემულობა ერთ ფრაზაში შეაჯამა ЗСУ-ს მთავარსარდალმა - "ომს იწყებენ პროფესიონალი ჯარისკაცები და ამთავრებენ მასწავლებლები, ინჟინრები..."
მეოთხე საშტურმო-მოეირიშე ცალკეული ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონის შტაბი, დრუჟკივკა 2023 წლის 4 მარტი - ტბელ აბუსერიძე
აგრესიული სარეკლამო კამპანიისა და გაგრძელებული მობილიზაციის ფარგლებში, უკრაინამ სხვადასხვა მონაცემებით 12 ახალი ბრიგადა ჩამოაყალიბა. უკრაინული სტანდარტით, ბრიგადაში პირადი შემადგენლობის რიცხვი 3 000-დან 5 000 სამხედრომდე მერყეობს და დამოკიდებულია შენაერთის ტიპზე.
ე.წ. კონტრიერიშის გვარდიის შექმნის კამპანიის ფარგლებში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ქვედანაყოფისგან შემდგარი სამხედრო შენაერთი მოამზადა. როგორც წესი, აღნიშნული შენაერთები ეროვნული გვარდიის ფორმატში შემავალი და ომის პირველ ფაზაში თითქმის სრულად გამოფიტული გვარდიებს სახელებს ატარებს. მაგალითად, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, მომდევნო კონტრიერიშში მონაწილეობას მიიღებს აზოვის ბატალიონი. ჯამურად საუბარია დაახლოებით 40 000 სამხედროზე.
Le Monde-ის ცნობით, უშუალოდ კონტრიერიშისთვის უკრაინის არმიამ ჯამურად 50 ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა გასული თვეების ბრძოლებში. ცნობილია, რომ ახალი ბრიგადებიდან ცხრამ წვრთნა დასავლეთის ქვეყნებში გაიარა. შესაბამისად, 9 ჯავშან-სატანკო ბრიგადა სრულად დასავლური წარმოების შეიარაღებით იქნება აღჭურვილი. მოსალოდნელია, რომ თითო ბრიგადის განკარგულებაში იქნება 200 ტანკი, 800-მდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა და 150 საარტილერიო დანადგარი.
რთული სათქმელია, რამდენი ახალი ბრიგადის შექმნა მოახერხა თავად უკრაინამ ცალკეული მოკავშირეების დახმარებით. ცნობილია, რომ კოალიციის მიღმა, თითო უკრაინული ბრიგადის წვრთნისა და სრულად აღჭურვის ვალდებულება აიღო პოლონეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ. მაღალი ალბათობით, იერიშისთვის მომზადებული შენაერთების ჯამური რაოდენობა 15 ბრიგადას არ აღემატება. ეს ჯამურად ახლოს არის 2022 წლის მიწურულს ვალერი ზალუჟნის საპროგრამო სტატიაში დასახელებულ მაჩვენებელთან.
გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის არმია მოახლოებული კონტრიერიშის ფონზე მოწინააღმდეგეზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია, თუმცა მათი ამოცანაც განსხვავებული და გაცილებით რთულია.
"თუ გინდა იცოცხლო ამოთხარე"
ამ დროისთვის რუსეთს ოკუპირებული აქვს 103 ათასი კვადრატული კილომეტრი, რაც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 18%-ს შეადგენს. ეს დაახლოებით ბრიტანეთის ზომის ტერიტორიაა.
უკრაინის გარდაუვალი კონტრიერიშის მოლოდინში რუსეთის გენშტაბმა სახელმძღვანელოს სიზუსტით დაიწყო საფორტიფიკაციო ხაზის ორგანიზება. საბოლოოდ, ამ დროისთვის ფრონტის მთელ გაყოლებაზე რუსეთის არმიამ საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და თავდაცვის ზღუდეების მასშტაბური, კარგად ორგანიზებული ქსელი მოაწყო.
რუსეთის თავდაცვის ზღუდეები შემდეგნაირად გამოყურება - ეს არის დანაღმული ველი, რომელსაც მოსდევს ე.წ. დრაკონის კბილების ხაზი, რის შემდეგაც კიდევ ერთი დანაღმული ველია. თავის მხრივ, ამ ველის უკან სანგრებისა და თხრილების ქსელია, რაც კიდევ ერთი ანტი-სატანკო თხრილით სრულდება.
რუსეთის მიერ ყველაზე კარგად გამაგრებული რაიონი ზაპორიჟიაა - ფრონტის გარღვევა ყველაზე ეფექტური უკრაინისთვის ამ მიმართულებით იქნებოდა. რუსეთის გენშტაბი განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს ბერდიანსკის აეროდრომის მიმართ, რომელიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის-საჰაერო კოსმოსური ძალების უმსხვილესი ჰაბია.
გამორჩეულად მძიმედ არის გამაგრებული ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთი - არმიანსკიდან ჯანკოიმდე ოკუპანტებს თავდაცვითი ზღუდეების მტკიცე ხაზი აქვთ. არმიანსკიც და ჯანკოიც ფრონტის ამ მონაკვეთზე საკვანძო სატრანსპორტო კვანძებია.
ყურადღებას იქცევს საფორტიფიკაციო ნაგებობები ტოკმაკის, პოლოჰისა და ბილმაკის ირგლივ. ზაპორიჟიის ოლქის ეს დასახლებები პრაქტიკულად სრულად გარშემორტყმულია რუსეთის თავდაცვითი ზღუდეებით. შედარებით სუსტია თავდაცვის ხაზები ლისიჩანსკის, პოპასნასა და სევეროდონეცკის ირგვლივ, სადაც მთავარი შემაკავებელი ე.წ. დრაკონის კბილების ხაზებია.
რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზები ნოვოფიოდორვკაში, ზაპორიჟიის ოლქი
თუნდაც კარგად ორგანიზებული თავდაცვითი ზღუდეების ქსელი თავისთავად უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება. კრიტიკული მნიშვნელობის იქნება იმ ჯარისკაცებისა და დანაყოფების ბრძოლისუნარიანობის დონე, რომლებიც ამ თავდაცვის ზღუდეებსა და სანგრებში გამაგრდებიან. მით უფრო, რომ თავდაცვითი ზღუდეების მიზანი უმთავრესად არა ფრონტის გარღვევის აღკვეთა, არამედ გარღვევის შემთხვევაში მოწინააღმდეგის შენელებაა.
მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს რუსეთის არმია უკრაინის მასშტაბური კონტრიერიშის დაწყების მომენტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განმეორდება თუ არა ხარკივის კონტრიერიში - როდესაც რუსეთის დანაყოფებმა ბრძოლას გაქცევა არჩიეს. კონტრიერიშის პირველ 24 საათში რუსეთის არმიაში არსებულ განწყობას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
უკრაინაში განცდილი მარცხებისა და დანაკარგების შემდეგ გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 24 თებერვლამდე არსებული რუსეთის არმია უკვე წარსულს ჩაბარდა. არმიის ხარისხი და ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია. რუსეთმა შესაძლოა მოახერხა დანაკარგების რაოდენობრივი ჩანაცვლება, მაგრამ ხარისხობრივად ამის გაკეთება ასეთ მცირე დროში უბრალოდ შეუძლებელია.
გასული ზამთრის განმავლობაში მსოფლიომ ნახა, რა შეუძლია რუსეთის არმიას შეტევაში, მაგრამ რუსეთის მიერ აგებული თავდაცვის ზღუდეები ჯერ ბრძოლაში არ გამოცდილა. ისევე, როგორც არ გვინახავს რუსეთის "ახალი" არმია თავდაცვაში.
ამ გამაგრებული ფორტიფიკაციების მიღმა, ფრონტის მთელს მონაკვეთზე, რუსეთს განთავსებული ჰყავს დაახლოებით 140 ათასი ჯარისკაცი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხარკივის ან ხერსონის იერიშისგან განსხვავებით, ЗСУ-ს ყველაზე კარგ შემთხვევაში მცირედი რიცხობრივი უპირატესობა ექნება.
140 ათასი ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე მსჯელობა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება - სოციალურ ქსელებში მათ მიერ გავრცელებული მიმართვები და უკმაყოფილება მხოლოდ ფრაგმენტულ ინფორმაციას გვაძლევს. შესაბამისად, რთული სათქმელია, რამდენად ბრძოლისუნარიანი იქნება რუსეთის არმია, თუმცა მისი უეცარი კოლაფსის მოლოდინი გულუბრყვილობაა.
"რუსეთის არმიის ჯარისკაცების მორალური მდგომარეობა ცვალებადია - დაღლილობიდან უარესამდე", - ამბობს დარა მასიკო. შესაძლოა უკრაინისთვის სასარგებლო როლი სწორედ ამ გადაღლილობის ფაქტორმა ითამაშოს. ამ დროისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 97% არის ჩართული. ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომების დროს იყო.
უსასრულო საბრძოლო მივლინებები, ცოცხალი ძალის სიმცირის გამო არაადეკვატური დასვენება და როტაცია ნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცები უკვე დიდი ხანია, საბრძოლო სტრესის მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც აძლიერებს უკმაყოფილებისა და უსაშველობის განცდას.
ამ ფონზე მთავარი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს - იბრძოლებენ თუ გაიქცევიან რუსი ჯარისკაცები.
შეტევის მიმართულება
თუ კი რუსი Z-ბლოგერებისა და პროპაგანდისტების მიერ გაჟღერებულ ყველაზე რადიკალურ ვერსიებს არ გავითვალისწინებთ, სამხედრო ექსპერტები და დასავლური მედია უკრაინის კონტრიერიშის ხუთ შესაძლო მიმართულებას გამოყოფს:
ზაპორიჟია
სწორედ ეს მიმართულება მიიჩნევა ყველაზე პერსპექტიულად უკრაინისთვის. იერიშის წარმატების შემთხვევაში უკრაინელები არამხოლოდ დაიბრუნებენ ეკონომიკურად უმნიშვნელოვანეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს, არამედ აზოვის ზღვის სანაპირომდე გასვლით შეძლებენ ყირიმის სახმელეთო კორიდორის ორად გაყოფას. ეს კი არსებითად ყირიმში რუსეთის გარნიზონის იზოლირებას ნიშნავს. ზაპორიჟია უკრაინის საზღვაო ზოლის თითქმის 50%-ია.
უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში აღმოჩნდება ყირიმის ნახევარკუნძულის თითქმის მთელი ტერიტორია. არაერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, ასეთ ვითარებაში ყირიმში განთავსებული დანაყოფების მდგომარეობა სწრაფად გაუარესდება, რამაც შესაძლოა შექმნას საფუძველი კიდევ ერთი "კეთილი ნების ჟესტისთვის" ან ხერსონის მსგავსი ნახევრად-მოხალისეობრივი უკან დახევისთვის.
ამ მიმართულებით შეტევას უკრაინისთვის რამდენიმე ფაქტორით რთულდება: კარგად ორგანიზებული თავდაცვის ზღუდეებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობის ქსელი, გაშლილი სივრცე, რომელიც ართულებს სახმელეთო იერიშს ჰაერში უფრო ძლიერი მტრის წინააღმდეგ.
ვუჰლედარი
ამ მიმართულებით ფრონტის გარღვევით უკრაინელები შეძლებდნენ კონტროლის დამყარებას ვოლნოვახას მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე. ხოლო შეტევის შემდგომი განვითარების შემთხვევაში უკრაინელები მარიუპოლთან იმავე აზოვის ზღვის სანაპიროზე გავლენ, რაც ასევე ორად გაყოფს ოკუპანტების დაჯგუფებას უკრაინაში.
ხერსონი
ამ მიმართულების ყველაზე დიდი დანაკლისი მდინარე დნიპროს სახით არსებული ბუნებრივი ბარიერი და ყირიმიდან მოქმედი რუსული ავიაციის მოქმედების მოკლე რადიუსია.
წარმატების შემთხვევაში ЗСУ ფიზიკურად მიუახლოვდება ოკუპირებულ ნახევარკუნძულს და შეძლებს იქ მდებარე სამხედრო ბაზებისა და ობიექტებისა საარტილერიო დამუშავებას. არსებობს ნოვა-კახოვკას გათავისუფლების პერსპექტივა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ჩრდილოეთ ყირიმის არხის გაკონტროლებას. ანექსირებული ნახევარკუნძული სწორედ ამ არხით მარაგდება სასმელი წყლით.
ბახმუტი
ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის მასირებულ შეტევას და შემდეგ უკვე განადგურებული ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, რის შესახებაც დიდი ხანია, ევგენი პრიგოჟინი საუბრობს, უფრო მეტად პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება, ვიდრე სამხედრო-სტრატეგიული.
სვატოვე
ამ მიმართულებით უკრაინის წარმატებული იერიშის შემთხვევაში ისინი დაიბრუნებენ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, რაც მოგვიანებით მათ გაუხსნის იერიშის პერსპექტივას ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის აგლომერაციაზე.
ადგილობრივი რელიეფის გათვალისწინებით უკრაინელებს აქვთ შესაძლებლობა, იერიში ლუჰანსკის ჩრდილოეთ ნაწილში განავითარონ. ეს მათ მისცემს შანსს, 24 თებერვლის საზღვრებზე გავიდნენ. სხვა საქმეა, რომ ამ შემთხვევაში ЗСУ მომარაგებისა და ფრონტის ხაზის ზედმეტად გაწელავს, რამაც შესაძლოა ხელსაყრელი პირობები შექმნას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ოკუპანტების შეტევისთვის.
გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის იერიში წარმოდგენილი იქნება შედარებით მცირე ზომის რამდენიმე შეტევით და მხოლოდ ბოლო მომენტში გახდება ნათელი რომელ მიმართულებაზე მოდის ძირითადი ძალისხმევა.
რატომ გადაიდო კონტრიერიშის დაწყება
თავდაპირველად დასავლური წყაროები უკრაინის შესაძლო კონტრიერიშის დაწყების თარიღად აპრილს ასახელებდნენ. მიიჩნეოდა, რომ კონტრიერიშის გადადების შემთხვევაში რუსეთს მეტი დრო ექნებოდა მოსამზადებლად და თავდაცვის ზღუდეების გასამაგრებლად. დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია, რაც ხშირად საინფორმაციო ოპერაციის ხასიათს ატარებდა.
მასშტაბური კონტრიერიშის დაანონსება და ამაზე გაუთავებელი საუბარი ხშირად აღწევდა დასახულ მიზანს - მუდმივი დაძაბულობის ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და Z-ბლოგერებმა მხოლოდ გასულ თვეში ორჯერ გამოაცხადეს, რომ უკრაინის კონტრიერიში დაიწყო. ამ ცნობებს თან ახლდა მსხვილი შენაერთების გადასროლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, რამაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი ინფორმაცია მისცა.
უკრაინის ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკას ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც - ქვეყნის მოკავშირეებში და ქვეყნის შიგნით იერიშთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები შეიქმნა, რაც დამატებითი წნეხის ფაქტორი გახდა. ამ ფონზე, შეიცვალა უკრაინელი პოლიტიკოსების რიტორიკაც. ბოლო კვირებში უკრაინელი მაღალჩინოსნები გადაჭარბებული მოლოდინების მავნებლობაზე მიანიშნებდნენ და ღიად აცხადებდნენ, რომ მოახლოებული კონტრიერიში ომს ვერ დაასრულებდა.
კონტრიერიშის გადადების ძირითად მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება - მათ შორის დასავლური შეიარაღების მიწოდების დაგვიანება, იერიშის შეცვლილი გეგმა, უჩვეულოდ ხშირი წვიმები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელება იყო. დოკუმენტები არ შეიცავდა ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას კონტრიერიშის გეგმის შესახებ, თუმცა იქ საუბარი იყო საკმაოდ სენსიტიურ ინფორმაციაზე ახალი ბრიგადებსა და დასავლურ შეიარაღებაზე.
ამ ფონზე უკრაინის დაანონსებული კონტრიერიში დასავლური მედიის ცენტრალური თემა გახდა. უკრაინის მზაობის შესახებ აზრები გაიყო. ამ თემაზე უკრაინაში ვიზიტისას ისაუბრა ჩეხეთის პრეზიდენტმა, გენერალმა პეტრ პაველმა. პაველის თქმით, კონტრიერიშის წარუმატებლობა უკრაინისთვის დამღუპველი იქნებოდა, რადგანაც მიმდინარე წელს ამის შანსი აღარ იარსებებდა. პაველის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ უკრაინის არმია იერიშის დაწყებას იმ მომენტამდე გადადებდა, როცა წარმატების ყველაზე მეტი შანსი ექნებოდა.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, მიხაილ ჟიროხოვის თქმით, ვადების გადაწევის კიდევ ერთი მიზეზი რუსეთის სარაკეტო კამპანია გახდა. მთელი მაისის განმავლობაში კიევზე ყოველდღიურად ხორციელდებოდა სარაკეტო დარტყმები. სავარაუდოა, რომ დარტყმების ნაწილი წარმატებული იყო - 13 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ქალაქ ხმელნიცკიში მასშტაბური ხანძრის ვიდეო კადრები. OSINT სპეციალისტები ამბობენ, რომ რაკეტა საბრძოლო მასალების საკმაოდ დიდ საწყობს მოხვდა. სხვადასხვა ცნობით, საწყობში ინახებოდა სატანკო ჭურვები, საავიაციო და საზენიტო რაკეტები.
მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორსპუსი დნიპროში, რომესლაც რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა, დარტყმას 45 მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვეპრლა. ფოტო ტბელ აბუსერიძე
მიხაილ ჟიროხოვის თქმით, საბრძოლო მასალების საწყობებზე მომხდარი დარტყმები საკმაოდ ეფექტური იყო, ხოლო რესურსების აღსადგენად უკრაინას დამატებითი დრო დაჭირდა.
გარდა ამისა, რუსეთის მიერ მოწყობილი სარაკეტო ტერორი კიდევ ერთ მიზანს ემსახურებოდა - მაქსიმალურად შეეზღუდა ჰაერსაწინააღმდეგო მობილური სისტემების გადასროლა ფრონტის ხაზზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, პიოტრ ჩერნიკის თქმით, ყველა ეს ფაქტორი ნამდვილად არსებობდა, თუმცა კონტრიერიშის გადადება ძირითადად სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლილ გეგმებს უკავშირდებოდა.
"უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელები მაქსიმალური და დეტალური მოდელირების გზით წავიდნენ. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის უფლება, ჩვენი იერიში ქირურგიული სიზუსტით უნდა ჩატარდეს", - ამბობს ჩერნიკი.
გასულ კვირას უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის მთელ მონაკვეთზე შესამჩნევად გააქტიურდნენ. პარალელურად, შეიცვალა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებიც - თუკი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინას ჯერ არ აქვს საკმარისი შეიარაღება იერიშის დასაწყებად, 4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის კონტრიერიშისთვის.
ორგანიზებული ქაოსი
სამხედრო ექსპერტებში პოპულარულია გამოთქმა, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია სხვადასხვა ხარისხით ორგანიზებულ ქაოსია. ეს განსაკუთრებით მართალია, როდესაც საუბარია მსხვილმასშტაბიანი იერიშის ოპერაციაზე.
კარს მომდგარი, თუ უკვე დაწყებული კონტრიერიშის ფონზე, უკრაინის არმიის მთავარი სუსტი წერტილი ასეთი მსხვილმასშტაბიანი იერიშების გამოცდილების არქონაა. საბოლოო შედეგების განურჩევლად, მიმდინარე წლის კონტრიერიში უკრაინის არმიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია იქნება.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, შეტევის წარმატება ყველაზე მეტად დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ЗСУ კომბინირებულ შენაერთთა ოპერაციას (Combined Arms Operation). ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის ჯარები ქვეითებიდან ავიაციამდე და რომელთა მოქმედებაც კოორდინირებული და სინქრონიზებულია კულმინაციური ეფექტის მისაღებად.
სწორედ ეს არის თანამედროვე დასავლური არმიების ბრძოლის ცენტრალური კონცეფცია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ანალოგებისგან. სწორედ საბჭოთა ინერციის დაძლევაზე და ამოძირკვაზე იქნება დამოკიდებული უკრაინის წარმატება მომდევნო კვირებში. საბჭოთა სამხედრო სკოლის მემკვიდრეობის დაძლევას მთავარ მისიად მიიჩნევს ვალერი ზალუჟნიც.
მართალია, უკრაინის არმია გაცილებით უფრო დეცენტრალიზებული და ავტონომიურია, ვიდრე რუსეთის, თუმცა ეს მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხალია.
სწორედ კომბინირებულ შენაერთთა ოპერაცია მიიჩნევა საუკეთესო მეთოდად ისეთი ორგანიზებული საფორტიფიკაციო ხაზის დასაძლევად, რომელიც რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ააგო. ასეთი ხაზების დასაძლევად საჭიროა ქვეითი დანაყოფების, დაზვერვის, ინჟინრების, ჯავშანტექნიკის, ავიაციის ერთობლივი და გამართული მოქმედება. კიდევ უფრო ართულებს საქმეს ის, რომ უკრაინას ამჯერადაც არ ექნება უპირატესობა ჰაერში. ამ ტიპის ოპერაციების წარმატება კი უმეტესად ჰაერში დომინაციას გულისხმობს.
საქმე ის არის, რომ უკრაინის არმიის იერიშები ამ დრომდე განსხვავებულ ხასიათს ატარებდა - ეს იყო ძირითადად საარტილერიო ცეცხლის უპირატესობაზე დაფუძნებული მანევრები. ხარკივისა და ხერსონის კონტრიერიშებში უკრაინა სწრაფი მანევრით ცდილობდა საარტილერიო ცეცხლში უპირატესობის მიღებას ლოკალურ მონაკვეთებზე, რაც მათ ოპერატიულ სივრცეს უქმნიდა. იერიშების წარმატების მიუხედავად, ეს იყო იმ მასშტაბისა და იმ ტიპის ოპერაცია, რომლის ორგანიზებაც უკრაინელებს მომდევნო კვირებსა და თვეებში მოუწევთ.
უკრაინელი მებრძოლები გერმანიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე
"თეორიულად, ზუსტი დარტყმებით მომზადებული თავდაცვის ხაზების სწრაფად დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს არტილერიის, ქვეითებისა და ჯავშანტექნიკის ექსპერტულ კოორდინაციას", - ამბობს ბრიტანელი თადარიგის ოფიცერი, ნიკ განელი.
ამასთანავე, ბევრი სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ უკრაინის სასარგებლოდ მოქმედების ფრონტის სიგრძე - რუსეთს არ შეუძლია თანაბრად დაიცვას თითოეული მონაკვეთი. სწორედ ამიტომ, მსხვილმასშტაბიანი იერიში ე.წ. მაფორმირებელი შეტევებით იწყება. ეს გულისხმობს საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების ინტენსივობის ზრდას ფრონტის იმ მონაკვეთებზე, რომლის გარღვევაც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება.
ეს გულისხმობს შედარებით მცირე ზომის დანაყოფების სწრაფ გადაადგილებას ამავე მონაკვეთებზე, მტრის თავდაცვის ხაზების დატესტვას, მათი რეზერვების მოძრაობის სიჩქარეზე დაკვირვებასა და მტრის მოქმედების პატერნზე მეტნაკლებად ზუსტი სურათის შექმნას.
ამგვარ ოპერაციები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 12 მაისიდან დაიწყეს. ბოლო დღეებში გაიზარდა ოპერაციებისა და შეტევების არეალი და მასშტაბი. უკრაინის მიზანია, ამგვარი ოპერაციებით მოწინააღმდეგეს დამატებითი დილემები შეუქმნას, გადატვირთოს მათი სამეთაურო და კონტროლის ჯაჭვი, რაც, საბოლოოდ, ამავე ჯაჭვის პარალიზებით უნდა დასრულეს.
"ჩვენ, დიდი ალბათობით, ვიხილავთ რამდენიმე მცირე იერიშის და არა ერთ დიდ, კონცენტრირებულ დარტყმას",- ამბობს ავსტრალიელი გენერალი მიკ რაიანი.
ბოლო დღეეების მოვლენები გვაჩვენებს, რომ უკრაინის გენერალური შტაბი წნეხის ეტაპობრივი ზრდის გზას მიჰყვება, როდესაც ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადები ბრძოლაში არა ერთდროულად, არამედ ეტაპობრივად ერთვებიან. ამან შესაძლოა გაზარდოს წნეხი რუსეთის თავდაცვის ხაზებზე და საბოლოოდ, კულმინაციური ეფექტი შეიძინოს ფრონტის მნიშვნელოვან მონაკვეთზე.
დაიწყო თუ არა ЗСУ-ს კონტრიერიში
"4 ივნისს, ევროპის ნაციზმისგან გათავისუფლების დღემდე 2 დღით ადრე, უკრაინამ კონტრიერიში დაიწყო",- ამ ტექსტით გამოეხმაურა ბრიტანული The Economist ფრონტის მთელ ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გააქტიურებას. მოგვიანებით უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შესახებ გვაუწყა Washington Post-მაც.
ფრონტის მთელს მონაკვეთზე უკრაინის არმიის გააქტიურებას თავიდან Z-ბლოგერების პანიკა, მოგვიანებით კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომზადებული საინფორმაციო კამპანია მოჰყვა. შოიგუს უწყებაში აცხადებდნენ, რომ უკრაინელთა მსხვილმასშტაბიანი იერიში წარმატებით მოიგერიეს და ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა ვალერი გერასიმოვი.
როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის შეტევა ზაპორიჟიის ფრონტზე, უფრო კონკრეტულად კი საკვანძო ქალაქ მელიტიპოლის ირგვლივ განვითარდა. პარალელურად უკრაინის შეტევები დაიწყო ბახმუტთან და ვუჰლედართან.
უკრაინის არმიის უცხოელი კონსულტანტები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ აგებული თავდაცვის ხაზები და საფორტიფიკაციო ნაგებობები არ არის იმდენად მტკიცე, როგორც პროგნოზირებდნენ. მრჩევლების ცნობით, დანაკარგების მინიმიზაციისა და რუსეთისთვის რეზერვების გადასროლის აღსაკვეთად, უკრაინამ სწრაფი და მაქსიმალური ძალის შეტევები უნდა განახორციელოს.
უკრაინელი მებრძოლი ЗСУ-ს სარეკლამო რგოლიდან
"ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სასიამოვნოდ გაკვირვებულები იყვნენ მოსალოდნელზე უფრო დიდი პროგრესით - უკრაინულმა ძალებმა დანაღმულ მონაკვეთში 5-10 კილომეტრით წაიწიეს წინ. ამან გააძლიერა იმედები, რომ უკრაინა შეძლებს იერიშის განვითარებას მარიუპოლის, მელიტოპოლისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა სანაპირო დასახლებების მიმართულებით", - წერს დევიდ იგნატიუსი.
პერსპექტიულად მიიჩნევა დონეცკის სამხრეთი მიმართულება, საიდანაც პირდაპირი საფრთხე ექმნება ოკუპირებულ მარიუპოლს. ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის ხაზები ოდნავ უფრო თხელია დონეცკში, ვიდრე ზაპორიჟიაში.
ბოლო დღეებში რუსეთმა ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები (ВДВ) ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციების გასამაგრებლად გადაისროლა. მოსალოდნელია, რომ ეს ოკუპანტების თავდაცვის ხაზებში სუსტ წერტილებს გამოავლენს.
ამ თვალსაზრისით, სასარგებლო აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქში რეიდზე გასული დანაყოფების მოქმედება. ოლქის მასირებული საარტილერიო დამუშავების ფონზე, რუსეთში 40-ათასიანი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა, რომ სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები აკონტროლებენ.
უკრაინის ცალსახა გააქტიურების მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ჯერჯერობით იერიში სრული ძალით არ დაწყებულა. უკრაინის არმია ეძებს სუსტ წერტილებს რუსეთის თავდაცვის ხაზებში, რათა ფრონტი სწორედ ამ შედარებით სუსტ მონაკვეთზე გაარღვიოს.
ამ ეტაპზე ЗСУ ჯერ კიდევ ნიადაგს სინჯავს, სანამ მოქმედებაში საუკეთესო დანაყოფებს შეიყვანს. ბრიგადებიდან, რომელთა მონაწილეობის შესახებაც დადასტურებული ცნობები გვაქვს, არცერთია რომელიმე დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული 9 ბრიგადიდან. როდესაც ამ ბრიგადებს დავინახავთ მოქმედებაში, უკრაინის კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ იარსებებს.
ბოლო ცნობებით, უკრაინის არმიას აქვს წინსვლა ფრონტის გარკვეული მონაკვეთებზე, თუმცა ისინი ოკუპანტებისგან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან და ჯავშანტექნიკაში არსებითი დანაკარგები აქვთ.
ბოლოსიტყვაობა
უფსალას უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყნებს შორის დაწყებული ომების 25% 1 თვეზე ნაკლებ დროში სრულდება, 26% კი ერთ წელზე ნაკლებ დროში. ამავე კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2 ქვეყანას შორის ომი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, როგორც წესი, ის 10 წელზე დიდხანს მიმდინარეობს.
უკრაინის ომი უკვე იქცა ყველაზე მასშტაბურ და მსხვილ კონვენციურ კონფლიქტად ევროპის კონტინენტზე და სავარაუდოა, რომ ომი უკრაინის მიმდინარე იერიშის მაქსიმალური წარმატების შემთხვევაშიც კი არ დასრულდება. მიუხედავად ამისა, იერიშის წარმატება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს პოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით კი დასავლურ დემოკრატიებში მომდევნო წელს ჩანიშნული გადამწყვეტი არჩევნების ფონზე.
უკრაინაში თავდაპირველი ჩავარდნის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის სტრატეგია მოცდაში, უკრაინისა და მისი მოკავშირეების გადაღლაში გამოიხატებოდა. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში დასავლეთში დაიღლებოდნენ უკრაინის მხარდაჭერით. ამავდროულად, ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის გამოყენებით კრემლი გასული 15 თვის განმავლობაში ცდილობდა მაქსიმალურად გაეძვირებინა დასავლეთისთვის უკრაინის დახმარება.
ამ დრომდე დასავლური დემოკრატიები შესაშურ ერთიანობას ინარჩუნებენ, მათი ლიდერები კი ამბობენ, რომ უკრაინის დახმარებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ამ განცხადებების მიუხედავად მოსალოდნელია, რომ კონტრიერიშის წარუმატებლობის შემთხვევაში დასავლეთში სკეპტიკური ხმები გაძლიერდება. ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი ზოგი დასავლელი ლიდერისთვის ეს უკრაინის დახმარების უაზრობაზე საუბრის ახალ სივრცეს გახსნის.
ამ თვალსაზრისით, უკრაინის კონტრიერიშის წარმატება გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურისთვისაც.