WaPo: უკრაინის იერიში 4 ივნისს დაიწყო, ЗСУ-ს მოსალოდნელზე დიდი წინსვლა აქვს
უკრაინის იერიში 4 ივნისს ევროპის ნაციზმისგან გათავისუფლების კვირეულში დაიწყო. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასიამოვნოდ გაკვირვებულები არიან ЗСУ-ს წინსვლით.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკელი ჟურნალისტი, დევიდ იგნატიუსი Washington Post-ის სვეტში წერს.
"ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უკრაინის კონტრიერიში 4 ივნისს, ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე მიმართულებაზე განვითარებული შეტევით დაიწყო. მთავარი მიზანი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო ხიდის გაჭრაა",- წერს იგნატიუსი.
4 ივნისს უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შესახებ წერდა ბრიტანული The Economist-იც. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეტევების ძირითადი ძალისხმევა სწორედ ოკუპირებული ზაპორიჟიისკენა მიმართული. ფრონტის ამ მონაკვეთზე წარმატება უკრაინისთვის ყველაზე ეფექტური იქნება.
"ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სასიამოვნოდ გაკვირვებულები იყვნენ მოსალოდნელზე უფრო დიდი პროგრესით - უკრაინულმა ძალებმა დანაღმულ მონაკვეთში 5-10 კილომეტრით წაიწიეს წინ. ამან გააძლიერა იმედები, რომ უკრაინა შეძლებს იერიშის განვითარებას მარიუპოლის, მელიტოპოლის და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა სანაპირო დასახლებების მიმართულებით",- წერს იგნატიუსი.
ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, უკრაინის მასირებულ იერიშზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და შედეგების გასაგებად შესაძლოა რამდენიმე კვირა იყოს საჭირო.
ამავდროულად დევიდ იგნატიუსი აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას და ბრძოლის ხასიათის მათ სასარგებლოდ შეტრიალებას ქალაქ ბახმუტის შემოგარენში.