მარიანა ვიშემირსკი: "ჩემი სურათი ომის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად გამოიყენეს"
მომზადებულია BBC-ზე გამოქვეყნებული მარიანა სფრინგის სტატიის მიხედვით
დაშავებული ფეხმძიმე ქალის ფოტო სამშობიაროსთან უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. თუმცა, იგი ამავდროულად რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნედ და სხვადასხვა მხრიდან ზიზღის ობიექტად იქცა.
საბანში გახვეული, შუბლზე სისხლიანი მარიანა ვიშემირსკის ფოტო მსოფლიოს მასშტაბით ნახეს.
მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ გადაღებული ფოტო ინტერნეტ სივრცეში, მსოფლიოს გაზეთების პირველ გვერდზე და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც კი განიხილეს.
თუმცა, ავიადაბომბვას გადარჩენილი მარიანა სხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - დეზინფორმაცია და ზიზღი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ.
რუსეთი დღემდე ცდილობს თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას, თითქოს 29 წლის მარიანა ფოტოს გადაღებისას “თამაშობს”. რუსმა დიპლომატებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მან “ორი სხვადასხვა ქალის როლი ითამაშა.”
War on Truth პოდკასტის წამყვანი მარიანა სფრინგი რუსული აგრესიის მსხვერპლის მეგობრებსა და ნათესავებსაც ესაუბრა, რათა, როგორმე მარიანა ვიშემირსკის ჩაწერა მოეხერხებინა.
მარიანამ მასთან რუსეთის აგრესიის უმძიმესი დღეები გაიხსენა.
“სასიკვდილო მუქარებს ვიღებდი, რომ ჩემთან მოვლენ, მიპოვიან და მომკლავენ, ჩემს შვილს კი ნაკუწებად დაგლეჯენ,” - აცხადებს ის.
მარიუპოლიდან პრო-რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასში გახიზნულ მარიანასთან ეს დასავლური მედიის პირველი ინტერვიუ იყო. მასთან ინტერვიუს ჩაწერისას სეპარატისტების მხარდამჭერი ადგილობრივი ბლოგერიც იმყოფებოდა.
მარიანამ საინფორმაციო ბრძოლაში საკუთარი თავის აღმოჩენაზე ისაუბრა, თან იმ პერიოდში, როდესაც მისი შვილი, ვერონიკა დაიბადა. “მან [შვილმა] გადაწყვიტა ამ რთულ დროს გამოჩენილიყო, მაგრამ სჯობს ასეთ დროს გაჩენილიყო, ვიდრე საერთოდ არა.” - განაცხადა მარიანამ.
“ყველაფერი თავდაყირა დადგა”
ომამდე მარიუპოლში ცხოვრება ძალიან რთული იყო. მარიანა სოციალურ ქსელებში თავის მოვლის საშუალებებს არეკლამებდა, მისი მეუღლე იური კი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა.
“ჩვენ მშვიდი და ჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა და შემდეგ, ცხადია, ყველაფერი თავდაყირა დადგა.” - ამბობს ის.
მის ინსტაგრამის გვერდზე ჩანს აღტაცებული ფოტო იმის შესახებ, რომ მალე დედა გახდებოდა.
როდესაც მარიანა მარიუპოლის სამშობიარო სახლში მიიყვანეს, უკრაინული ქალაქი ოკუპანტის მიერ ყველაზე აქტიურად იბომბებოდა.
9 მარტს ის საავადმყოფოში მყოფ სხვა ქალს სწერდა, როდესაც აფეთქებამ შენობა შეაზანზარა.
მან საბანი გადაიფარა, რასაც მეორე აფეთქება მოჰყვა.
”ხმები ისმოდა შენობის გარშემო, ირგვლივ ნამსხვრევები დაფრინავდა…ხმა ყურში კიდევ ძალიან დიდხანს ჩამესმოდა." ქალებმა სარდაფს სხვა მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად შეაფარეს თავი.
მარიანას შუბლი გაეჭრა და შუშის ფრაგმენტები კანში ჰქონდა, მაგრამ ექიმმა უთხრა, რომ ნაკერი არ სჭირდებოდა. ”ყველაფერი, რაც ჩემი ბავშვისთვის მოვამზადე, იმ სამშობიაროში იყო”, - ამბობს ის.
სიცრუის ანატომია
როდესაც მარიანა უკვე დაბომბილ სამშობიაროსთან იდგა, მას ფოტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა გადაუღო. კიდევ ერთი ფოტო მას შენობაში, კიბეზე ჩამოსვლისის დროს გადაუღეს.
ორივე ფოტო უსწრაფესად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მსოფლიო მედიაში. რუსულმა პროპაგანდამ მაშინვე დაიწყო ცრუ ნარატივების გავრცელება, რომ ფოტოები “დადგმულია”.
ისინი აცხადებდნენ, რომ ვინაიდან მარიანა ბლოგერია და სხვადასხვა პროდუქციის რეკლამას აკეთებდა, ჭრილობები მაკიაჭით გაიკეთა და მსახიობობდა.
ეს ნარატივი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციად მოკლე დროშივე იქცა. მათ ისიც კი განაცხადეს, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შედეგად დაშავებული მეორე ფეხმძიმე ქალიც მარიანა იყო, რომლის შვილიც მუცელში, ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
მისი ფოტოები მარიანამ რამდენიმე დღის შემდეგ ნახა, რადგანაც იმ მომენტში, ინტერნეტი არ ჰქონდა. როცა ინტერნეტზე წვდომა მიიღო, მისი ინსტაგრამის გვერდზე უამრავი ბრალდება და მკვლელობის მუქარის მესიჯი იყო მოსული.
"ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო ამის მოსმენა, რადგან მე რეალურად განვიცადე ეს ყველაფერი", - ამბობს მარიანა, თუმცა თავს იკავებს რუსი ოფიციალური პირების პირდაპირი კრიტიკისგან, რომლებიც მის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის ნაცვლად, ის Associated Press-ს აკრიტიკებს. “მეწყინა, რომ ჟურნალისტებს, რომლებმაც ჩემი ფოტოები გამოაქვეყნეს სოციალურ მედიაში, არ დაუსვამთ კითხვები სხვა ორსულ ქალებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს თავდასხმა ნამდვილად მოხდა.”
მისი თქმით, შესაძლოა ეს არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთ ადამიანს მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის ისტორია დადგმული ჰგონია. თუმცა, მარიანას თქმით, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ბოლო პაციენტი, ვისი ევაკუაციაც მოხდა და სწორედ ამ დროს მოვიდენ Associated Press-ის ჟურნალისტები.
მათ არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებთან.
მარიანას ძებნა
რუსეთის ავიადარტყმის შემდგომ დღეებში მარიანამ შვილი სხვა საავადმყოფოში გააჩინა.
ათასობით სხვა მარიუპოლელის მსგავსად, მარიანა და მისი ქმარი იური ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. კვირების განმავლობაში, მასთან კონტაქტი შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, სტატიის ავტორი მარიანას ნათესავებს დაუკავშირდა, რომლებმაც მას უთხრეს, რომ წყვილმა ქალაქი დატოვა, თუმცა მათი ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაცია არ გააჩნდათ.
მოგვიანებით, აპრილის დასაწყისში გაირკვა, რომ ისინი პრო-რუსი სეპარატისტების კონტროლირებულ დონბასში გადავიდნენ.
მარიანამ ინტერვიუ დენის სელენცევთან, პრო-რუს ბლოგერთან ჩაწერა. უცნობია რამდენად ღიად და თავისუფლად შეეძლო მარიანას საკუთარი აზრების გამოხატვა მასთან საუბრისას.
სტატიის ავტორს მარიანამ ამის შესახებ განუცხადა: “მე უნდა აღმეწერა მთელი ვითარება, როგორც ჩემი თვალით დავინახე.”
აღსანიშნავია, რომ War on Truth პოდკასტის წამყვანი მარიანა სფრინგი რუსული აგრესიის მსხვერპლთან სწორედ დენისმა დააკავშირა. ინტერვიუსას დენისი მარიანას საუბარს არ აწყვეტინებდა, თუმცა ყველაფერს ისმენდა. ჟურნალისტს მარიანას ნათესავებმა განუცხადეს, რომ ის ახლა უსაფრთხოდ არის.
სიმართლის დადგენა
ინტერვიუერის თქმით, ბევრი რამ, რასაც ის ინტერვიუში ამბობს, ძირს უთხრის რუსეთის ხელისუფლების ცრუ ნარატივებს.
კრემლმა არაერთხელ თქვა არასწორად, რომ ჰოსპიტალი, რომელიც თავს დაესხნენ, მარიუპოლის ნომერ პირველი საავადმყოფო იყო, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა.
მაგრამ BBC-ის დეზინფორმაციის ჯგუფმა დაადგინა, რომ ადგილი სადაც მარიანა იმყოფებოდა, ნომერ მესამე საავადმყოფოა.
მარიანა ადასტურებს, რომ საავადმყოფო, სადაც ის იმყოფებოდა, ნამდვილად ზრუნავდა მასზე და სხვა პაციენტებზე, რასაც რუსული პროპაგანდა უარყოფს.
რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ ეს ჰოსპიტალი აზოვის პოლკმა დაიკავა და უკრაინელ ნაციონალისტებთან იყო დაკავშირებული.
რუსული დაბომბვის მსხვერპლის მარიანას ინტერვიუ რუს ბლოგერთან მანიპულაციურად დაამონტაჟეს და განაცხადეს, რომ უკრაინელები ფეხმძიმე ქალებს ადამიანურ ფარებად იყენებდნენ.
მარიანამ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ შენობაში უკრაინელი სამხედროები საერთოდ არ იყვნენ და ისინი ონკოლოგიურ საავადმყოფოში, გზის მეორე მხარეს დაინახა.
მიუხედავად ამისა, მარიანას ინტერვიუ დენის სელეზნევთან კრემლმა შემდგომი სიცრუის გასავრცელებლად გამოიყენა.
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მარიანას არ სჯერა სამშობიაროს ავიადაბომბვის ამბავი და თითქოს საავადმყოფო უკრაინულმა არტილერიამ დაბომბა.
“ტიპური ხმა, რაც თვითმფრინავს აქვს, შეუძლებელია შეგეშალოს, არ გამიგია” - უთხრა მარიანამ War on Truth პოდკასტის წამყვანს.
მაგრამ ამ შემთხვევაში მარიანა შეცდომას უშვებს, რადგან Associated Press-ის ჟურნალისტებმა ავიადარტყმა გადაიღეს, სადაც თვითმფრინავის ხმა ისმის და დაბომბვისას ჯარისკაცი და პოლიციელი ავიადარტყმის შესახებ ყვირიან.
გარდა ამისა, ფოტოებზე ცხადად ჩანს უზარმაზარი კრატერი, რომელიც აშკარად დაბომბვის შედეგად გაჩნდა.
“პირადად მე, ეს კრატერი არ დამინახავს, მაგრამ ვიდეო ვნახე, სადაც ჩანს... რეალურად, მე ვერავის დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ჩემი თვალით არ დამინახავს, რამ გამოიწვია აფეთქებები”- აცხადებს მარიანა.
ტროლების სამიზნე
“ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ მე მსახიობი ვიყავი, სხვებს თქმით მე ვიტყუებოდი და რუსული ავიაიერიში არ ყოფილა”- თქვა მარიანა ვიშემირსკიმ.
მარიანასი მის მეგობრებსაც არ სჯერათ. რუსი სილამაზის ბლოგერი იაროსლავა აცხადებს, რომ რუსული ტელევიზიების ნარატივის ენდობა.
“ვფიქრობ, მარიანამ თავისი როლი ითამაშა. უკრაინას სჭირდებოდა, რომ ყველაფერი რუსეთისთვის დაებრალებინა.” - აცხადებს ის.
მისი თქმით, ინსტაგრამზე მარიანა გამოწერილი აღარ ჰყავს და მასთან საუბარი არ სურს.
"სამწუხაროა, როცა ჩემს ნაცნობ ადამიანებს სჯერათ რაღაცის, რაც მე არ გამიკეთებია", - ამბობს მარიანა.
მარიანა ბლოგინგს დაუბრუნდა და ბოლო პოსტში მკითხველს უთხრა, რომ თუ დაინტერესებული არიან “კოსმეტიკით, საფენებით და ახალი დედის ყოველდღიური ცხოვრებით“ მის გამომწერებად დარჩენილიყვნენ.
მაგრამ უნებლიედ, საინფორმაციო ომის ცენტრში აღმოჩენამ, მარიანას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, რადგანაც სამხედრო კონფლიქტი გრძელდება.
“იცით, ახლა მე არ ვფიქრობ ჩემს იმედებზე და არც გეგმებს ვაწყობ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.” - უთხრა მარიანამ ჟურნალისტს.