14 იანვარს დანიის დედოფალი, მარგრეტე II ტახტს დატოვებს
დანიის დედოფალმა, მარგრეტე II ტახტს 14 იანვარს, მმართველობის 52-ე წლსითავზე, დატოვებს, ხოლო მის ადგილს დედოფლის უფროსი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი დაიკავებს.
მარგრეტე II-მ ტახტის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ 2023 წლის 31 დეკემბერს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხდა. მონარქის თქმით, გადაწყვეტილება 2023 წლის თებერვალში ზურგზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მიიღო.
2024 წლის 14 იანვარს დედოფლის გადადგომა, 1146 წელს მეფე ერიკ III ლამის მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დანიის მონარქი თანამდებობას ნებაყოფლობით დატოვებს.
მარგრეტე II-მ დანიის ტახტი 1972 წელს, საკუთარი მამის, ფრედერიკ IX-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.
დანიაში მონარქია სათავეს მე-10 საუკუნიდან იღებს. ოდესღაც მათი უფლებამოსილება აბსოლუტური იყო, მაგრამ დღესდღობით ცერემონიალური ხასიათი აქვს - მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური და ერის სიმბოლო, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები და მათზე პასუხისმგებელი არის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი.
14 იანვარს დედოფალი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს ქრისტიანსბორგის სასახლეში დანიის კაბინეტთან შეხვედრისას მოაწერს. დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი ახალ მეფედ ფრედერიკ X-ს ქრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, დანიაში კორონაციის ცერემონია არ ტარდება.