2 მოკლული რუსი პოლკოვნიკი და ვაგნერის ალყის საფრთხე - რა ხდება ბახმუტში

უკვე 4 დღეა პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, ქალაქ ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოკალური კონტრშეტევები მიმდინარეობს. 

ბოლო დღეებში ЗСУ-მ გაათავისუფლა ტერიტორიები, რომელთა დაკავებასაც რუსეთის არმიამ რამდენიმე თვე მოანდომა. ბახმუტთან ЗСУ-ს წინსვლას ადასტურებს უკრაინის გენშტაბი, ომის კვლევის ინსტიტუტი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევები გაგრძელდა, უკრაინელებმა შეძლეს ჩასოვ იარისა და ბახმუტის დამაკავშირებელი გზის განბლოკვა, ისინი წინ მიიწევენ სოფელ ივანივსკისკენ.

"კლიშიივკაში რუსებისთვის ვითარება რთულდება, სავარაუდოდ ისინი ჯერჯერობით ინარჩუნებენ პოზიციებს ივანივსკეს სამხრეთში, მაგრამ მათი მომარაგება სულ უფრო რთულდება. გაურკვეველია შერჩათ თუ არა მათ პოზიციები ბახმუტის არხის დასავლეთით",- წერს OSINT ანალიტიკოსი, ემილ კასტეჰელმი. 

თუ უკრაინელები არხის გადაკვეთას და მომარაგების გზასთან ახლოს პოზიციებს დაიკავას შეძლებენ, ივანივსკის ტყეში გამაგრებელი რუსები მყისიერი ალყის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებისას მოკლულია რუსეთის არმიის 2 პოლკოვნიკი. მაღალი რანგის მეთაურების სიკვდილი დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. სხვადასხვა ცნობებით, შესაძლოა მოკლული იყოს რუსეთის არმიის კიდევ 2 პოლკოვნიკი, თუმცა ეს ამბავი ჯერჯერობით არცერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. 

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ბოლო დღეებში უკრაინის არმიამ ბახმუტთან 17.3 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჰანნა მალიარის ცნობით, ЗСУ ბახმუტის შემოგარენში 2 მიმართულებით მიიწევს წინ. 

მალიარი ამბობს, რომ უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე გრძელდება აქტიური ბრძოლები, ხოლო მტრის დანაკარგებსა და გათავისუფლებული ტერიტორიის მოცულობაზე ნაადრევია, რადგანაც სიტუაცია დინამიურად ვითარდება. 

"სინამდვილეში ყველაფერი ოდნავ რთულადაა, მაგრამ ჩვენი სარდლების კარგი დაგეგმვის და ჩვენი მებრძოლების სიმამაცის გამო მტერი ვერ ახერხებს ქალაქის დაკავებას",- ამბობს მალიარი. 

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ენის სპეციფიკის გათვალისწინებით, უკან დახევა აღიარა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც - "ბახმუტის მიმართულებით ჩვენ ძალებმა გადაინაცვლეს უფრო მომგებიან პოზიციებზე, ბერხივკას წყალსაცავის მიმართულებით",- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ასეთ ფორმულირებას იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხარკივისა კონტრიერიშის დროს, რომლის ფარგლებშიც რუსეთის არმია სწრაფად კარგავდა პოზიციებს. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, ეს მაინც ლოკალური და ტაქტიკური დონის კონტრშეტევებია, გენერალურად ფრონტზე ვითარება ჯერჯერობით არ შეცვლილა. ЗСУ-ს აქტიურობა იზრდება ოკუპირებული დონეცკის სხვა ფრონტებზეც. სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს უკრაინის საცდელ შეტევებთან - უკრაინული გენშტაბი ცდილობს ბრძოლის ველზე შექმნას ხელსაყრელი პირობები უფრო მასირებული იერიშის დასაწყებად. 

კონკრეტულად ბახმუტის ფრონტზე გააქტიურებას სამხედრო ექსპერტები გენშტაბის ჩანაფიქრს უკავშირებენ - მათ სურთ რუსეთი ბახმუტის მიმართულებით რეზერვების გადასროლა აიძულონ. 

"თუ კი რუსეთი კვლავ პოლიტიკური ლოგიკით მიიღებს სამხედრო გადაწყვეტილებებს, კრემლმა შესაძლოა გადაწყვიტოს ბახმუტთან რეზერვების გადასროლა, რათა ხელი შეუშალოს ფლანგების ჩამოშლას. ამან შესაძლოა რუსეთის დანაყოფები უფრო მოწყვლადი გახადოს ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, სადაც უკრაინელების გარღვევის უკეთესი შანსი აქვს",- წერს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, რობ ლი. 

საყურადღებოა ისიც, რომ ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელები უტევენ ძალებით, რომლებიც არ შედიან დაანონსებული კონტრიერიშისთვის ჩამოყალიბებულ სამხედრო ნაწილებში. 

"უკრაინა უტევს ძალებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული მთავარ ძალისხმევასთან. მათი მიზანია დააკავონ რუსული დანაყოფები ბახმუტთან და დაიბრუნონ ბოლო თვეებში დაკარგული პოზიციები. ეს კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს კონტრიერიშისთვის, რომელიც მაღალი ალბათობით სხვაგან განვითარდება",- წერს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი, მაიკლ კოფმანი. 

მსგავს შეფასებას იზირიებს დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი. ის ირწმუნება, რომ თუ ЗСУ მართლაც მიიტანს სერიოზულ დარტყმას ბახმუტის მიმართულებით, ეს არა ძირითადი, არამედ დამხმარე შეტევა იქნება, ხოლო იერიში მისი აზრით ზაპორიჟიის ფრონტზე განვითარდება. 

რა ვიცით მოკლულ რუს პოლკოვნიკებზე და როგორ მეტყველებს ეს არმიის მდგომარეობაზე

სავარაუდოა, რომ რუსი ოფიცრები სწორედ ბახმუტის მიმართულებით, სოფელ ივანივკისთან მოკლეს. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მეოთხე მოტო-მსროლელი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი, ვიაჩესლავ მაკაროვია. ხოლო მეორე არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე სამხედრ-პოლიტიკური საკითხებში, ევგენი ბროვკო. 

"4-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე და პირადად ხელმღვანელობდა ბრძოლას",- ნათქვამია შოიგუს უწყების განცხადებაში. 

BBC-ის რუსული სამსახურის, სამხედრო კორესპონდენტის პაველ აქსიონოვის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ამ რანგის მეთაური ბრძოლის ველზე იმყოფებოდა და იქიდან იძლეოდა განკარგულებებს მრავლისმეტყველია. 

"ამ რანგის მეთაური შტაბში, სამეთაურო პუნქტში უნდა იმყოფებოდეს და კავშირის საშუალებებით უნდა ხელმძღვანელობდეს საბრძოლო მოქმედებებს",- წერს აქსიონოვი. 

ასეთი რანგის მეთაურის ბრძოლის ველზე ყოფნის აუცილებელია შესაძლოა რუსეთის არმიის სამეთაურო ჯაჭვის გაუმართაობაზე მიუთითებდეს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ქვემდგომი ოფიცრები ვერ უმკლავდებიან ვითარებას, დაკარგულია კავშირი, ან მოწინააღმდეგე უშუალოდ სამეთაურო პუნქტს უახლოვდება იქმნება ალყის საფრთხე.  

მაკაროვისგან განსხვავებით, ევგენი ბროვკოს გარდაცვალების გარემოებზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დუმილს ინარჩუნებს. ნათქვამია, მხოლოდ ის, რომ ბროვკო სიკვდილის მომენტში ფრონტის სხვა მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც მოწინააღმდეგის შეტევას იგერიებდნენ. 

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრიზისი, რომლის გამოც ამ რანგის მეთუარები იძულებულები გახდნენ პირადად წასულიყვნენ ფრონტის ხაზზე მხოლოდ ერთ ადგილას არ განვითარდა. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიის უკან დახევაზე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი. მისი თქმით, ვითარება ბახმუტის ფრონტის ფლანგებზე ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები, რომლებიც ამ მონაკვეთზე მოქმედებენ როგორც წესია გარბიან. 

კონტექსტი

ბოლო დღეებში ფრონტის მთელ მონაკვეთზე უკრაინელების გააქტიურება შეინიშნება, საუბარია როგორც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის ზონაში, ასევე, მტრის ზურგშიც. მათ შორიის გააქტიურდა უკრაინის არმიის შორეული დარტყმები. 

ამ ფარგლებში ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ლუჰანსკის მიმართულებით. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ლუჰანსკი უკრაინელთა წვდომის არეალის მიღმა იყო და 2014 წლიდან მოყოლებული ზურგის უსაფრთხო ქალაქად მიიჩნეოდა. 

ოკუპირებულ ლუჰანსკში დაიბომბა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, ნავთობგადამამუშავებელი ბაზა და საბრძოლო მასალის საწყობები. რუსული წყაროების ცნობით, ЗСУ-მ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა. 

13 მაისი შავი დღე აღმოჩნდა რუსეთის ავიაციისთვის - გუშინ დროის მოკლე მონაკვეთში უკრაინასთან მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის არმიის 2 ვერტფმრენი და 2 გამანადგურებელი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპნენ პილოტებიც. 

ჯერჯერობით რთული სათქმელია შეგვიძლია თუ არა მიმდინარე მოვლენები უკრაინის კონტრიერიშის დაწყებად განვიხილოთ. The Economist-ის სამხედრო სექციის რედაქტორის, შაშანკ ჯოშის თქმით, მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის კონტრიერიშს სწორედ ამგვარი პატერნი ექნება. 

 

 

მსგავსი სიახლეები