20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 20 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა 21 სექტემბერს, ხალხისთვის მიმართვისას განაცხადა. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ხელი მოვაწერე განკარგულებას 2022 წლის 20 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, მითითებული საარჩევნო პერიოდისა და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად. ეს საარჩევნო კამპანია ნიშნავს საარჩევნო პერიოდის დაწყებას, რომელიც რადიკალურად შეცვლის ქვეყნის მთელ პოლიტიკურ სისტემას", - ნათქვამია განცხადებაში.
მან ასევე გარანტია მისცა ყველას, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდება კანონის მკაცრი დაცვით, ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობით.
ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინიციატივით 2022 წლის 6 ივნისს ყაზახეთში რეფერენდუმი ჩატარდა კონსტიტუციის შესწორების მიზნით. მან პოლიტიკური გარდაქმნების განახორციელების პირობა მას შემდეგ დადო, რაც იანვარში მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
1 სექტემბერს ტოკაევმა პარლამენტში ყაზახ ხალხს მიმართა და 2022 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საპრეზიდენტო ვადის 5-დან შვიდ წლამდე გაზრდა შესთავაზა, მაგრამ ხელახალი არჩევის უფლების გარეშე.