"31 ათასი" - ზელენსკიმ პირველად გააჟღერა ომში დაღუპული მებრძოლების რაოდენობა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან მიმდინარე ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კოფრენეცია უკრაინა 2024-ის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორია უკრაინის დანაკარგები მიმდინარე ომში პასუხად ზელენსკიმ თქვა, რომ არ იცის აქვს თუ არა დანაკარგების გაჟღერების უფლება. 

"31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა მიმდინარე ომში, არა 300 ათასი, არა 350 ათასი, როგორც ამას პუტინი ამბობს, მაგრამ ყველა დანაკარგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რუსებს - 180 ათასი რუსი მოკვდა",- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯამურად რუსეთის დანაკარგები დაჭრილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების 500 ათასს აღემატება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იტყვის დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ჯამურ რიცხვს და არც უგზო უკვლოდ დაკარგულებისას, რადგანაც ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ზელენსკის თქმით, დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს ტყვეობაში მყოფი და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ჯამურ რიცხვზეც. 

კონტექსტი 

უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დანაკარგების შესახებ ამ დრომდე საუბარს თავს არიდებდა, ინფორმაცია ამის შესახებ გასაიდუმლოებული იყო. 

მხარეთა დანაკარგების შესახებ გასულ თვეებში სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით განსხვავებული ცნობები ვრცელდებოდა. 

გასულ აგვისტოს New York Times ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მიმდინარე ომში რუსეთის დანაკარგები 300 ათასს აღემატებოდა: 120 ათასი მოკლული და 180 ათასი დაჭრილი. ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის დანაკარგები უფრო ნაკლები იყო: 70 ათასი მოკლული და 120 ათასი დაჭრილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები