აბრეშუმის გზის საპირწონედ - ‘დიდი შვიდიანი’ 600 მლრდ დოლარის ინფრასტრუქტურულ გეგმას აანონსებს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსეს, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო ფონდებიდან მომდევნო ხუთ წელიწადში 600 მილიარდი დოლარის მობილიზება იგეგმება.

პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციისთვის - მრავალმილიარდიანი გეგმის მიზანი ჩინეთის საფლაგმანო პროექტის - ერთი გზა, ერთი სარტყელის - დაბალანსებაა.

„განვითარებად ქვეყნებს გლობალური შოკების, როგორიცაა პანდემია, დასაძლევად ინფრასტრუქტურა სჭირდებათ...ეს [პროექტი] არ არის დახმარება ან ქველმოქმედება. აღნიშნული ინვესტიცია ყველას ახეირებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბავარიაში გამართულ სამიტზე.

პროექტის ფარგლებში ვაშინგტონი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 200 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს.

ევროკავშირის ქვეყნები 300 მილიარდ ევრომდე სახსრების მობილიზებას გეგმავენ.

ჩინეთის სარტყლის და გზის ინიციატივა, რომელსაც საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, 100-მდე ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

დასავლეთში პეკინის ინიციატივას გავლენის ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომლის საშუალებითაც ჩინეთს განვითარებად ქვეყნებზე ეკონომიკური ბერკეტების მოპოვება სურს.


"დიდი შვიდიანი" განვითარებული მსოფლიოს შვიდი ეკონომიკის - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, იაპონია - თანამშრომლობის ფორუმია. სამიტში მონაწილეობას ევროკავშირის ლიდერები - ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებიც - იღებენ. 

მსგავსი სიახლეები