აფეთქება ყირიმის ხიდზე - რა ვიცით

17 ივლისს დილის საათებში რუსეთის და ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელ ხიდზე მასშტაბური აფეთქება მოხდა. ხიდის ნაწილი ჩანგრეულია, ხოლო საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. 

კრემლში მომხდარს "ტერორისტული აქტი" უწოდეს და ორგანიზატორად კიევის სპეცსამსახურები დაასახელეს. თავის მხრივ უკრაინულ მხარეს მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ყირიმის ხიდზე მომხდარი მეორე აფეთქებაა - პირველად ხიდი გასული წლის ოქტომბერში დეტონატორით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მეშვეობით ააფეთქეს. 

რა მოხდა 

ყირიმის ხიდზე "საგანგებო შემთხვევის" შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციამ გაავრცელა. საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა მოხდა, თუმცა განაცხადეს, რომ ხიდი 145-ე გასასვლელთან დაზიანებული იყო. 

ადგილობრივი წყაროები 2 ხმამაღალი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ, ხოლო ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეობზე კარგად ჩანს რომ საყრდენ კოლონებს შორის გზა 2 ადგილას არის ჩავარდნილი. 

მალევე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამას მოჰყვა რუსეთის ანტი-ტერორისტული ცენტრის განცხადება - უწყებაში ამბობდნენ, რომ აფეთქება 2 საზღვაო დრონის გამოყენებით მოხდა. ორივე უწყება პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა. 

რას ამბობენ უკრაინაში

კიევი მომხდარს ჩვეულ სტილში გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია, თუმცა სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ განცხადებაში ბევრი ირიბი მინიშნებაა. 

BBC-ის უკრაინული წყაროს ცნობით, შეტევა ყირიმის ხიდზე უკრაინის საზღვაო ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (CБУ) ერთობლივი ოპერაცია იყო. 

"ხიდი საზღვაო დრონების გამოყენებით ააფეთქეს, ხიდთან მიახლოება რთული იყო, თუმცა საბოლოოდ ეს შევძელით",- ამბობს გამოცემასთან საუბარში CБУ-სთან დაახლოებული წყარო. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყება მომხდარის შესახებ ყველა დეტალს ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ გაავრცელებს. 

"ჯერ კი ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით როგორ ვერ გაუძლო პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ ომის დატვირთვას",- ნათქვამია შეტყობინებაში. 

მომხდარს ჩვეულ სტილში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი - "ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც რუსეთის მასობრივი მკვლელობის იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება არ არის მუდმივი. მისი ჩამონგრევის მიზეზისგან დამოუკიდებლად."

მომხდარს გამოეხმაურნენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГУР) - Суспільне-სთან მიცემულ კომენტარში უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების გამო რუსეთის არმიას უკრაინაში ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნება. 

"ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსები იყენებენ როგორც დიდ ლოჯისტიკურ ჰაბს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ტრანსპორტირებისთვის. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ლოჯისტიკური პრობლემა ოკუპანტებისთვის დამატებით სირთულეს ქმნის",- ამბობს იუსოვმა. 

რა მდგომარეობაშია ხიდი

აფეთქებიდან მალევე საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხიდზე შეაჩერეს როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო მოძრაობაც. 

ამ დროისთვის ხიდზე სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა კვლავ შეჩერებულია საავტომობილო მიმოსვლა. სავარაუდოა, რომ ხიდის შეკეთებას როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირა დაჭირდება. 

მანამდე კი ყირიმში დასვენების მსურველ მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლება მოუწოდებს მატერიკულ უკრაინაზე გამავალი ე.წ. ყირიმის სახმელეთო კორიდორით ისარგებლონ. 

დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ ყირიმში მიმავალი ავტომობილებისთვის არ იმოქმედებს კომენდანტის საათი. 

 

მსგავსი სიახლეები