ამერიკის ახალი რეალიზმი ახლო აღმოსავლეთში | Foreign Affairs
სტატიის ავტორი ფ. გრეგორი გაუსი ტეხასის უნივერსიტეტის ბუშის მმართველობის და საჯარო სამსახურის სკოლის პროფესორია. სტატიის ორიგინალი ხელმისაწვდომია აქ.
საუდის არაბეთში ბაიდენის ვიზიტი, დასტურია, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთს ისეთს იღებს, როგორიც ის სინამდვილეშია
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოახლოებულმა ვიზიტმა საუდის არაბეთში [რომელიც უკვე შედგა] ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველ წრეებში აურზაური გამოიწვია.
ზოგიერთი რეაქცია, მათ შორის დემოკრატიული პარტიის გავლენიანი პოლიტიკოსების მხრიდან, უპირობოდ უარყოფითი იყო.
"იქამდე, სანამ საუდის არაბეთი რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს ადამიანის უფლებების კუთხით, მე არ ვისურვებდი მათთან რაიმე სახის საქმის დაჭერას", - განაცხადა ადამ შიფმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, რომელიც საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცზე, მუჰამედ ბინ სალმანზე საუბრობდა.
ბაიდენის პოზიციების დამცველები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს ინტერესების დასაცავად, საუდის არაბეთთან სტრატეგიული ურთიერთობები აუცილებელია, მათ მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების სუსტად დაცვის მიუხედავად.
ქვეყნებს შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების ეს დონე უჩვეულო და აქამდე არნახულია, რადგანაც 1970 წლებიდან და ზოგჯერ უფრო ადრეც, აშშ-ს პრეზიდენტები რეგულარულად ხვდებოდნენ საუდის ლიდერებს.
თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ არაპირდაპირ მიგვანიშნა, რომ ისინი საუდის არაბეთთან მიმართებით, არ მოიქცეოდნენ ისე, როგორც წინა ადმინისტრაციების პერიოდში ხდებოდა. 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, ბაიდენმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს "ფასის გადახდა" მოუწევდა 2018 წელს საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის. ხოლო, იემენის ომში მონაწილეობისთვის, მათ ისე მოეპყრობოდა, როგორც გარიყულებს.
თანამდებობის დაკავების შემდეგ ბაიდენმა თანხმობა განაცხადა აშშ-ს დაზვერვის ანგარიში გამოქვეყნებულიყო, სადაც საუდელი აგენტების მიერ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე მუჰამედ ბინ სალმანი პასუხისმგებელ პირადაა მიჩნეული.
ბაიდენმა უარი განაცხადა მემკვიდრე პრინცთან პირდაპირ ურთიერთობებზე და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რამაც გააღიზიანა საუდები, მათ შორისაა ჰუტის (იემენში საუდის არაბეთის მოწინააღმდეგე) ამოღება ტერორისტული ჯგუფების სიიდან, აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ელემენტების მოხსნა და ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლება. შესაბამისად, რიადში მოახლოებული ვიზიტი წარმოადგენს შემობრუნებას და დათმობას პრეზიდენტისთვის, რომელსაც სახლში მზარდი პოლიტიკური პრობლემები აქვს.
მიმდინარე წლის დასაწყისში Foreign Affairs-ში დავწერე, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკა, სხვა მიზნებთან შედარებით, უპირატესობას უნდა ანიჭებდეს წესრიგს, რაც ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, გულისხმობს ურთიერთობას ისეთ ლიდერებთანაც, რომლებსაც ხელი სისხლში აქვთ გასვრილი. საუდის არაბეთთან ურთიერთობის აღდგენა, ამ დღის წესრიგის ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ვიზიტი შესაძლოა თანხვედრაში არ იყოს მის ადრეულ რიტორიკასთან და გაცხადებულ ღირებულებებთან, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობის აღდგენას, რაც სწორად წარმართვის შემთხვევაში, დაეხმარება მსოფლიო ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას, იემენის სამოქალაქო ომში ზავის შენარჩუნებასა და ირანის ამბიციების მოთოკვას.
მწყობრიდან გამოსული
თანამდებობის დაკავების შემდეგ, ბაიდენი ნაწილობრივ მაინც იყო ღია, რომ ახლო აღმოსავლეთში პრიორიტეტულად წესრიგი მიეჩნია, სხვა ისეთ მიზნებთან შედარებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის ხელშეწყობა.
ბოლოს და ბოლოს, ბაიდენმა განაახლა მოლაპარაკებები ირანთან (ევროპელების მედიაციით) ერთობლივი ყოვლისმომცველო სამოქმედო გეგმის (JCPOA) აღდგენის შესახებ, რომელიც ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს წარმატებულად განხორციელდა - ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების თვალსაზრისით.
მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ამერიკა JCPOA-დან გამოიყვანა, ირანმა ხელახლა დაიწყო ბირთვული პროგრამის განხორციელება და უფრო მიუახლოვდა იარაღით აღჭურვის შესაძლო სტადიას.
ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, რომ თეირანთან დაკავშირებული საკითხების გრძელი სია გვერდით გადადოს - მათ შორის ტერორისტული ჯგუფების და სირიაში ბაშარ ალ-ასადის დაუნდობელი რეჟიმის მხარდაჭერა, ასევე ბალისტიკური რაკეტების მზარდი არსენალი, რათა შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამის პროგრესი. არაფერი იქნება რეგიონში იმაზე მეტად კონფლიქტისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი, ვიდრე ირანის ბირთვული იარაღის პერსპექტივა.
ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში არის კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისა და წესრიგის მისაღწევად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - რამაც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრზე არეულობა გამოიწვია - რიადის როლი, როგორც ნავთობის უდიდესი ექსპორტიორისა, ახალ მნიშვნელობას იძენს.
ნავთობის ბაზარზე წესრიგის დასამყარებლად, აუცილებელია იმ საწარმოო შესაძლებლობების სრულად ათვისება, რომელიც საუდის არაბეთს გააჩნია, რათა მოხდეს, როგორც მინიმუმ იმ მიწოდების აღდგენა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ გაჩნდა.
ნაწილობრივ ტრამპის ადმინისტრაციის აბრაამის შეთანხმების შედეგად, რომელიც ისრაელს და სხვა არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას ემსახურებოდა, საუდის არაბეთმა შეხების წერტილის პოვნა დაიწყო ისრაელთან, რაც ახლო აღმოსავლეთში უფრო მოწესრიგებული და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
ეს კონკრეტული ამოცანები, რომელიც აშშ-ს ინტერესებს წარმოადგენს, ამართლებს ყურადღების შემცირებას ბაიდენის მიზნების მიმართ, რომელიც საუდების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა და ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას ამერიკასა და საუდის არაბეთის ურთიერთობებს შორის. ცეცხლის შეწყვეტა იემენის სამოქალაქო ომში, რომელიც ივნისში ორი თვით გახანგრძლივდა, ნაწილობრივ შედეგია საუდის არაბეთთან ამერიკული დიპლომატიის. საუდები ასევე დათანხმდნენ, რომ დააჩქარებენ ნავთობის მოპოვებას ზაფხულის განმავლობაში.
ბაიდენის ადმინისტრაცია არაა ერთადერთი, რომელსაც იდეოლოგიურ მიზნებზე მეტად, ახლო აღმოსავლეთში წესრიგის მიღწევა აინტერესებს. მსგავსი მიზნები ამოძრავებთ რეგიონის სხვა მთავრობებსაც. გასული თვეების განმავლობაში, საუდის არაბეთმა და ირანმა მოლაპარაკებები გამართეს ერაყის შუამავლობით.
გასული წლების განმავლობაში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის მუჰამედ ბინ სალმანი და უფრო აქტიურად ცდილობდა, რომ საუდის არაბეთის კონკურენტი გამხდარიყო - სუნიტური არაბული ქვეყნების ლიდერობის კუთხით, თუმცა ივნისის მიწურულს, ერდოღანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, ანკარაში უმასპინძლა.
უფრო საკამათო ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში აშშ-ს პერსპექტივიდან, მარტში არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან, სირიის პრეზიდენტის მასპინძლობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მის საწინააღმდეგო აჯანყებას უჭერდა მხარს. 2011 წლის შემდეგ, ანუ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან, ეს იყო ასადის პირველი ვიზიტი არაბულ ქვეყანაში.
ეს მოვლენები არ ნიშნავს, რომ რეგიონში მშვიდობის დასადგურება ახლოსაა. კონფლიქტის შანსები რამდენიმე ღერძზე, იქნება ეს ირანი-ისრაელი, ირანი-საუდის არაბეთი, ისრაელი-ლიბანი, სირია-თურქეთი, საუდის არაბეთი - იემენი და სხვა, ჯერ კიდევ მაღალია. თუმცა, დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მიგვანიშნებს იმისკენ, რომ რეგიონული ლიდერები იწყებენ დაფიქრებას იმ გადახდილ ფასზე, რომელიც არასტაბილურობას მოაქვს და ბენეფიტები, რაც წესრიგს ახლავს.
სწორ გზაზე დაბრუნება
აშშ-საუდის არაბეთის ხანდახან რთული, ცვალებადი, მაგრამ ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების საფუძვლები დაირღვა უკანასკნელი სამი პრეზიდენტის პერიოდში. აშშ-ს მიერ ენერგიის გამომუშავების გაზრდამ, 2010-იანი წლების მეორე ნახევარში ნავთობის დაბალმა ფასმა და კლიმატის ცვლილებებზე კონცენტრაციის კომბინაციამ ბევრი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ საუდის არაბეთი და მისი ნავთობი, იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო.
ობამა, ტრამპი და ბაიდენი - სამივე აწარმოებდა კამპანიას ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის ინტერესების გადამისამართებაზე. საუდელი ლიდერების შიში რეგიონიდან ამერიკული ინტერესის "მოხსნაზე" გადაჭარბებულია, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს სამხედრო და პოლიტიკურ რეპრეზენტაციას რეგიონში, მაგრამ გრძნობები რეალურია.
აშშ-ს შემთხვევაში, ტრამპის მიერ მუჰამედ ბინ სალმათან საჯარო დაახლოებამ, ურთიერთობა პოლარიზებულ და პარტიულ პოლიტიკამდე დაიყვანა. დემოკრატები ახლა სულ უფრო და უფრო მეტად მიიჩნევენ საუდელებს, როგორც რესპუბლიკელების მხარდამჭერებს. ტრამპის ჩართვა საუდის არაბეთის შიდა პოლიტიკაში და ტახტის მემკვიდრის აღზევების წახალისება, მიზანშეუწონელი და არასასურველი იყო. როდესაც ჯარედ კუშნერმა, ტრამპის სიძემ და მთავარმა პოლიტიკის მრჩეველმა და ხაზინის მდივანმა სტივ მნუჩინმა საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მოითხოვა საუდის არაბეთის ინვესტიციები საკუთარ ჰეჯ-ფონდებში, ამან quid pro quo-ს [რედ.რაღაცის სანაცვლოდ, სარგებლის მიღება] სახე მიიღო.
ამაში საუდის არაბეთს თავისი წილი ბრალი მიუძღვის და მათ უნდა შეცვალონ მიდგომა ვაშინგტონთან მიმართებით, რათა ურთიერთობა უფრო მყარ, ორპარტიულ საფუძველზე დააბრუნონ.
მსოფლიოსთვის გასაგებია ბაიდენის მიერ საუდის ტახტის მემკვიდრესთან დაძაბულობის შემცირების აუცილებლობა. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მორყეული პოლიტიკით, არამედ იმ გლობალური რყევებით, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა.
ეს ასევე აღიარებაა იმისა, რომ არეულ ახლო აღმოსავლეთში რაღაც წესრიგის დასამყარებლად ისეთ მმართველებთან ურთიერთობაა საჭირო, ვინც შედარებით სტაბილურ ქვეყნებს განაგებენ და საზღვრებს გარეთ გავლენით სარგებლობენ. ასეთ მმართველებს ეგვიპტეში, ირანში, თურქეთში და სირიაშიც კი ნახავთ. და მათ აუცილებლად ნახავთ საუდის არაბეთშიც.