არჩევნებიდან 48 საათის შემდეგ ბოლსონარუ კვლავ ჩუმადაა

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებიდან 48 საათის შემდეგაც ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი კვლავ ჩუმადაა - ჟაირ ბოლსონარუს ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებია. 

ვითარებას კიდევ გაურკვეველს ხდის ის, რომ ჯერ კიდევ არჩენებამდე ბოლსონარუ და მისი გარემოცვის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი მარცხს არ შეუგოებოდნენ - ბოლსონარუ ბოლო თვეების განმავლობაში მტკიცებულებების გარეშე საუბრობდა, რომ ხმების მთვლელი კომპიუტერების სისტემა კორუმპირებული იყო და არ იმსახურებდა ნდობას. 

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ბოლსონარუს არ ჰქონია კონტაქტი გამარჯვებულ ლულასთან - "ამ დროის განმავლობაში ნებისმიერი არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტი დამირეკავდა და მარცხს აღიარებდა",- ამბობს ბრაზილიის არჩეული პრეზიდენტი. 

კონტექსტი

სიჩუმის მიუხედავად, რეგიონის ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლსონარუს არაფრის შეცვლა არ შეუძლია - კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების შედეგები ბრაზილიის ელექტორალურმა სასამართლომ უნდა დაამოწმოს, რის შემდეგაც ფორმალური დამტკიცების პროცესისთვის სენატს გადაუგზავნის. 

სავარაუდოა, რომ პროცესი შეფერხების გარეშე ჩაივლის - სასამართლოს ხელმძღვანელმა უკვე აცნობა კანდიდატებს შედეგების შესახებ და მიულოცა გამარჯვებულსაც. 

ლულას გამარჯვება უკვე მიულოცეს ბრაზილიის სენატის ხელმძღვანელმა და დეპუტატების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ბოლსონარუს პოლიტიკურმა მოკავშირეებმაც. 

თავის მხრივ ლულას გამარჯვება მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმაც, მათ შორის ამერიკელმა პრეზიდენტმაც. 

 

მსგავსი სიახლეები