არესტოვიჩი: მტრის ჯარების მესამედი გავანადგურეთ

90-ზე მეტი რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფიდან, რომლებიც 24 თებერვლიდან უკრაინაში შემოვიდა, 30-ზე მეტი უკვე ბრძოლისუუნაროა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველაზე დიდ ოპერატიულ რაიონებში მტერმა ამოწურა თავისი შემტევი დაჯგუფებები და თავდაცვაზე გადავიდა. ეს ეხება კიევის მიმართულებას, ჩერნიგოვს, სუმს, ხარკოვს, სამხრეთს, სადაც ცალკეული მტრის ძალები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ ჩვენი დარტყმების შედეგად იღუპებიან", - აღნიშნავს ის.

"ახლა ერთადერთი ცხელი წერტილია დონბასის ზონა - სევეროდონეცკი, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონები, მაგრამ სარდლობამ იცის ამის შესახებ და შესაბამის ზომებს იღებს", - თქვა არესტოვიჩმა.

"ჩვენი სარდლობის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგემ 90-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყენა, მათგან 30-ზე მეტი უკვე განადგურებულია ან ბრძოლისუუნაროა. ეს მტრის ჯარების მესამედია. ახლა რუსეთი ცდილობს რეზერვების შეკრებას კავკასიიდან, ყირიმიდან, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებიდან", - განაცხადა მან.

არესტოვიჩის თქმით, მტერი 20 000 სამხედროსგან შემდგარი დამატებითი დაჯგუფების შექმნას ცდილობს და რამდენიმე კვირაში ფრონტზე გამოიყვანოს.

 

მსგავსი სიახლეები