ჩინეთს შეუძლია სწრაფად მოიპოვოს ტაივანის ცაში დომინაცია - პენტაგონის დოკუმენტები
ტაივანში შეიარაღებული შეჭრის შემთხვევაში, ჩინეთს შეუძლია სწრაფად მოიპოვოს კონტროლი ამ კუნძულზე საჰაერო სივრცეზე. ამის შესახებ The Washington Post 15 აპრილს, საიდუმლო ამერიკულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
ამ დოკუმენტის თანახმად, ტაივანის არმიის სამხედრო სარდლობა თვლის, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავების მხოლოდ ნახევარს შეუძლია, როგორმე წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს.
დოკუმენტებში ასევე ეჭვქვეშ არის დაყენებული ტაივანის საჰაერო თავდაცვის უნარი ეფექტურად აღმოაჩინოს ჩინური რაკეტების გაშვება და დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება ტაივანის თვითმფრინავების ბუნკერებში გადატანას, რათა ისინი ჩინეთის თავდასხმებისგან დაიცვან.
ამავდროულად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ტაივანის არმიის სამხედრო წვრთნები არასაკმარისია ჩინეთის შესაძლო შეჭრისთვის ეფექტურად მოსამზადებლად. როგორც WP აღნიშნავს, ჩინეთის მიერ სამოქალაქო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებამ უარყოფითად იმოქმედა აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უნარზე, იწინასწარმეტყველოს ჩინეთის შეჭრა.
დოკუმენტები არის იმ საიდუმლო ამერიკულ მასალებს შორის, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტში გამოქვეყნდა. ექსპერტების აზრით, ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის საიდუმლო მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გაჟონვა.