აშშ იტალიას მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად გადასცეს უკრაინას შეიარაღება
ბაიდენის ადმინისტრაცია იტალიის მთავრობას მოუწოდებს დააჩქაროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის პროცესი, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური La Republica ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, გასულ კვირას სატელეფონო საუბარში ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თავის იტალიელ კოლეგას, ფრანჩესკო ტალოს მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ უკრაინას SAMP-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ჯორჯია მელონის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში დაჰპირდა ჯეიკ სალივანს, რომ იტალია პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას შეეცდებოდა, თუმცა ოფიციალური განკარგულება მთავრობას ამ დრომდე არ მიუღია.
გაზეთის ცნობით, იტალიის განკარგულებში SAMP-T-ის ტიპის 5 დანადგარია, დამატებით კიდევ 1 სასწავლო დანადგარია, რომელიც არ არის აღჭურვილი მანქანით და შესაბამისად გამშვები მოწყობილობით.
იტალიის ყოფილ პრემიერს მარიო დრაგის სწორედ აღნიშნული სასწავლო დანადგარის გადაცემა სურდა და მისი მწყობრში მოყვანისთვის შესაბამისი სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.
კონტექსტი
SAMP-T იარაღის მწარმოებელი ევროპული კონცერნის Eurosam-ის მიერ შექმნილი დანადგარია, რომელზე მუშაობაც 2005 წელს დასრულდა და ამ დროს იტალიისა და საფრანგეთს აღჭურვილობაში შედის.
საზენიტო დანადგარი მობილურ პლატფორმაზე მუშაობს, რომელსაც ერთდროულად 8 რაკეტის ტარება შეუძლია - მოქმედების რადიუსი 100 კილომეტრის, ხოლო სიმაღლე 25 კილომეტრის ფარგლებშია.
იტალიამ უკრაინას შეიარაღების უკანასკნელი პარტია გასული წლის ივლისში გადასცა - აღნიშნული დახმარების ფარგლებში მაშინ უკრაინამ მიიღო სხვადასხვა ტიპის ჰაუბიცები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა დანიშნულების აღჭურვილობა.
უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა წინამორბედი სამთავრობო კოალიციის დაშლის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა - დრაგის კოალიციაში შემავალი პარტიები უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
იმის შესახებ, რომ იტალია უკრაინის სამხედრო დახმარებას შეწყვეტდა შიშები არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ გაძლიერდა. მიუხედავად ამისა, იტალიის მოქმედმა პრემიერმა, ჯორჯა მელონიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, მათ შორის შეიარაღებითაც.