აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც $250 მილიონია
27 დეკემბერს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონი აშშ დოლარია. ეს უკრაინის დახმარების ბოლო პაკეტია 2023 წელს.
ამ ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახური ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ის და HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ-იან ჭურვებს, საზენიტო რაკეტებს Stinger-ისთვის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW-ს, Javelin-ის და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის.
შეიარაღების სიაში ასევე შედის 15 მილიონზე მეტი ვაზნა, სათადარიგო ნაწილები, სამედიცინო, სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.
თეთრმა სახლმა ადრე აღნიშნა, რომ თანხები უკრაინის სამხედრო დახმარების მხოლოდ ერთი პაკეტისთვის დარჩა, რის შემდეგაც ფინანსური რესურსი ამოიწურება კონგრესის მიერ ახალი დახმარების მიღების გარეშე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოქტომბერში კონგრესს დამატებითი დაფინანსების დამტკიცება სთხოვა, მათ შორის 60 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის. მაგრამ პროცესი შეჩერებულია სენატში მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული უთანხმოების გამო.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს წლის ბოლომდე ვერ მიიღებს.