აშშ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგებზე აფრთხილებს

უკვე რამდენიმე თვეა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგებზე აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გაზეთის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არასაჯარო კომუნიკაციას ინარჩუნებს. 

ამასთანავე, უცნობი რჩება თუ რა დონეზე მიმდინარეობს კომუნიკაცია ბირთვული ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. ამასთანავე უცნობია ქონდა თუ არა კომუნიკაცია ამერიკულ მხარეს რუსეთთან ვლადიმირ პუტინის 21 სექტემბრის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაანონსა და ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა. 

გამოცემის რესპონდენტები აშშ-ს ამგვარ მიდგომას საკითხთან დაკავშირებით 'სტრატეგიული ორაზროვნების' შენარჩუნების მცდელობად მოიხსენიებენ - ამ მიდგომის თანახმად მოწინააღმდეგემ არ უნდა იცოდეს თუ როგორი იქნება პასუხი მის მხრიდან ინიცირებულ ბირთვულ ესკალაციაზე. 

ჯორჯტაუნის უნივერსტიტეტის პროფესორი, მეთიუ კრონინგი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუკეთესო პასუხი იქნება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა და რუსეთის არმიის იმ ნაწილებზე წერტილოვანი დარტყმა, საიდანაც იქნება გაშვებული ბირთვული შეიარაღება. 

"ამგვარი ნაბიჯი საჭირო იქნება იმისთვის, რომ რუსეთში მიხვდნენ, რომ დიდი ომი არ იქნება, ეს შეზღუდული დარტყმაა. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია პუტინის ადგილას, რომ იყოთ? - არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პუტინის რეაქცია აშშ-ს მიმართულებით ბირთვული რაკეტების სროლა იქნება",- ამბობს კრონინგი. 

მიუხედავად ამისა პუბლიკაციის ავტორების თქმით, ვაშინგტონის აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ბევრი ფიქრობს, რომ ამგვარი შეზღუდული დარტყმაც აშშ-ს მხრიდან "უპასუხისმგებლო" ნაბიჯი იქნება და სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის რისკზე წასვლა გაუმართლებელია. 

გაზეთის კიდევ ერთი რესპონდენტი და კარნეგის პროგრამის ხელმძღვანელი, ჯეიმს აკტონის თქმით, ვლადიმირ პუტინის მხრიდან უახლოეს დროში ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება მაღალი არ არის. 

"თუ კი ის მართლაც განიხილავს უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის გამოყენებას, ძალიან მაღალი ალბათობით ის ისურვებდა, რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცოდეთ. ის ამ შემთხვევაში ღია მუქარებზე გადავიდოდა იმ განზრახვით, რომ აშშ გარკვეულ დათმობებზე წაეყვანა",- ამბობს აკტონი.

მსგავსი სიახლეები