აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემას დახმარების მომდევნო პაკეტში გადასცემს

უკრაინა Patriot-ის ტიპის სისტემებს სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტის ფარგლებში მიიღებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ დანადგარზეა საუბარია, მაგრამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ პირველი ნაწილი გერმანიაში მდებარე გრაფენვოერის სამხედრო ბაზაზე უახლოეს მომავალში გაიგზავნება, სადაც უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა დაიწყება. 

Patriot-ის ტიპის კომპლექსის სტანდარტული შემადგენლობა მოიცავს რადარების სისტემას, კომპიუტერებს, დენის გენერატორებს, სპეციალურ სადგურს და 8 გამშვებ მოწყობილობას - თითოეულს ერთდროულად 4 რაკეტის გაშვება შეუძლია. 

უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის ეფექტური სისტემების გადაცემას მოითხოვს, თუმცა ლოჯისტიკური და ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, აშშ-ს დახმარება ამ დრომდე შედარებით მცირე ზომის იყო, რაც შედარებით პრიმიტიული საჰაერო თავდაცვის სისტემებით შემოიფარგლებოდა. 

სავარაუდოა, რომ Patriot-ის სისტემების გარდა უკრაინას მომდევნო პაკეტში ჭკვიანი ბომბების კომპლექტიც გადაეცა, რომელთა მოქმედების რადიუსიც დაახლოებით 30 კილომეტრს შეადენს. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, აღნიშნული ბომბები უკრაინას მისცემს საშუალებას უფრო ზუსტად შეუტიოს რუსეთის თავდაცვით ზღუდეებს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ბომბების გამოყენება გამანადგურებლების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. 

კონტექსტი

შედარებით მცირე ზომის საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან განსხვავებით, Patriot-ის სისტემებს გაცილებით უფრო მეტი ტექნიკური მომსახურების პერსონალი ჭირდება. აღნიშნული სისტემები გამოყენებისთვის, წვრთნები, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება. 

ეს სისტემა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ეფექტურ საჰაერო თავდაცვის შეიარაღებად მიიჩნევა. Patriot-ის სისტემა ეფექტურია, როგორც ბალისტიკური, ასევე გემბანიდან გაშვებული რაკეტებისა და სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ. შორი ქმედების რადიუსიდან გამომდინარე, Patriot-ის ტიპის სისტემებს, რუსული რაკეტების განეიტრალება, მათი სამიზნეებიდან მოშორებით, ფრენის ადრეულ ეტაპზევე შეუძლიათ. 

ომის დაწყების შემდეგ, აღნიშნული სისტემები, აშშ-სგან პოლონეთმა მიიღო. გასულ წლებში, Patriot-ის ტიპის სისტემები საუდის არაბეთსა და ერაყში განთავსდა, რაც ირანისგან მომავალი საფრთხით იყო განპირობებული. 

ამ სისტემის ანტისაჰაერო თავდაცვის იარაღი, ამ დროისთვიოს, აშშ-ს რამდენიმე მოკავშირე ქვეყანას აქვს, რომელთა შორისაც არიან იაპონია, გერმანია და ისრაელი. 

 

მსგავსი სიახლეები