აშშ: უკრაინაში ვაგნერის საერთო დანაკარგები 30 ათასია, აქედან 9 ათასი მოკლულია

უკრაინაში ჩვკ ვაგნერის ჯამური დანაკარგები 30 ათასია, აქედან დაახლოებით 9 ათასი მებრძოლი მოკლულია. 

ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. 

კირბის ცნობით, უკრაინაში მოკლული ვაგნერის მებრძოლების დაახლოებით 90% ციხიდან გამოშვებული რეციდივისტები არიან. თეთრი სახლის ცნობით, ჯამურად მოკლული 9 ათასი ბოევიკიდან ნახევარზე მეტი ბოლო 1 თვის განმავლობაშია მოკლული. 

კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს შეფასებით გასული წლის დეკემბერში ვაგნერს სულ 50 ათასამდე ბოევიკი ჰყავდა, აქედან 10 ათასი კონტრაქტორი და 40 ათასამდე ყოფილი პატიმარი. 

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ბოლო დღეებში ბახმუტის ირგვლის ვაგნერს გარკვეული წინსვლა აქვთ, თუმცა ეს კატასტროფული დანაკაგების ფასად ხდება. 

კონტექსტი 

ბოლო დღეებში საერთაშორისო პრესაში აქტიურად იწერება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დაანონსებული იერიშის დაწყების პარალელურად ოკუპანტების დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა. 

12 თებერვალს დიდი ბრიტანეთი სამხედრო დაზვერვა ყოველდღიურ შენაჯამში წერდა, რომ რუსების დანაკარგებმა ომის პირველი დღეების შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

16 თებერვალს ბრიტანული Times ნატოს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ყოველი 90 მეტრით წინსვლისას რუსეთის არმია 2000-მდე ჯარისკაცს კარგავს. 

17 თებერვლას BBC-ის რუსულმა სამსახურმა მოამზადა ვრცელი მასალა, რომელშიც ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ თებერვალში რუსეთის დადასტურებული დანაკარგები 5-ჯერ არის გაზრდილი. 

21 იანვარს რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები გაცილებით აღემატება 100 ათასს. 

23 იანვარს ნორვეგიის არმიის მეთაურმა, ეირიკ კრისტოფერსენმა განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები 188 ათასს შეადგენდა - ეს არის ჯამური რიცხვი, რომელშიც მოკლულების გარდა, დაჭრილები და დეზერტირებიც შედიან. 

მსგავსი სიახლეები