აშშ უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროგრამას აფართოებს
აშშ უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროგრამას აფართოებს, რის შედეგადაც თვეში დაახლოებით თითო ბატალიონის ფორმირება იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა და ბრიგადის გენერალმა, პატრიკ რეიდერმა განაცხადა.
"ახალი შეიარაღების გამოყენებაში წვრთნასთან ერთად, საერთო საარმიო მანევრული ბრძოლაში წვრთნა წარმოადგენს ლოგიკურ მომდევნო ნაბიჯს ჩვენს ძალისხმევაში, რომელიც 2014 წლიდან წამოვიწყეთ და რომელიც უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება",- განაცხადა რეიდერმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შეავსებს სხვა მოკავშირეების კერძოდ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ წამოწყებულ სამხედრო პროგრამებს, რომლებიც ასევე უკრაინელი სამხედროების წვრთნას ითვალისწინებს.
რეიდერის თქმით, წვრთნები გერმანიაში მდებარე გრაფენვოერის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. საუბარია თვეში დაახლოებით 500 სამხედროზე. პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი დააკვირდებიან ვითარებას და უკრაინელი პარტნიორების საჭიროებებს და ამის მიხედვით პროგრამაში შესაძლოა გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდეს.
კონტექსტი
ამ დროისთვის ამერიკული მხარე ყოველთვიურად დაახლოებით 300 უკრაინელ სამხედროს ამზადებს. ჯამურად ომის დაწყების შემდეგ ამერიკული ტრენინგები დაახლოებით 3 100 უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა.
წვრთნები უპირატესად მცირე ჯგუფების ფორმატში მიმდინარეობდა, რომელთაც აშშ-ს მიერ მიწოდებული შეიარაღების გამოყენებას ასწავლიდნენ.