Axios: ბაიდენი შიშობდა, რომ ჰარისს არ ძალუძს ტრამპის დამარცხება

ჯო ბაიდენი აჭიანურებდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, რადგანაც პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები ფიქრობდნენ, რომ კამალა ჰარისი არ იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ამერიკელი პრეზიდენტის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

მასალაში ნათქვამია, რომ ბაიდენის შიშები ასახავს სხვა გავლენიანი დემოკრატების შეხედულებებსაც და მიუხედავად ამისა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ვიცე-პრეზიდენტს ნომინაციისთვის ბრძოლაში. 

ამ დრომდე კამალა ჰარისი ერთადერთი დემოკრატია, რომელმაც პრეზიდენტობისთვის ბრძოლის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. ოფიციალური განცხადებიდან პირველ 24 საათში ჰარისმა მიიღო ათეულობით კონგრესმენის, სენატორისა და გუბერნატორის მხარდაჭერა და 50 მილიონი დოლარი პარტიის დონორებისგან

კარგი სტარტის მიუხედავად დემოკრატიული პარტიის გავლენიანი წევრები ჯერჯერობით არ ჩქარობენ ჰარისის კანდიდატურის მხარდაჭერას. ჯერჯერობით პარტიის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ კონგრესის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსის, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმცირესობის მოქმედ ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს და სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერ, ჩაკ შუმერს. 

ჰარისის კანდიდატურის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა ბარაკ ობამამაც - "მომდევნო დღეები რთული იქნება, მაგრამ როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ ისეთი პროცესის შექმნას, რომლის შედეგედაც საუკეთესო კანდიდატი გვეყოლება",- წერს ობამა. 

Axios-ის მასალაში საუბარია კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის გუნდებს შორის არსებულ დაძაბულ და რთულ სამუშაო გარემოზეც. 

კონტექსტი 

კამალა ჰარისის როგორც პარტიის სათადარიგო და ყველაზე სავარაუდო კანდიდატზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ. 

59 წლის ჰარისი, კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი სამხრეთ-აზიური წარმომავლობის პირველი და მეორე შავკანიანი ქალი სენატორია აშშ-ს ისტორიაში. 2020 წელს კამალა ჰარისი ქვეყნის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდა. 

კომენტატორების შეფასებით ჰარისის არ არჩევა დემოკრატიული პარტიისთვის რამდენიმე ასპექტით შეიძლება იყოს სარისკო - ამან შესაძლოა შეამციროს პარტიის როგორც წესი დიდი უპირატესობა ქვეყნის შავკანიან მოსახლეობაში. 

 

გარდა ამისა, კამალა ჰარისს რამდენიმე მკაფიო უპირატესობა აქვს: პირველ რიგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ასევე მისი არჩევა პროცედურულად ყველაზე მარტივი იქნება, გარდა ამისა, მარტივად იქნება შესაძლებელი დონორების მიერ ბაიდენის კამპანიისთვის გადარიცხული თანხების გადაცემა მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის. 

მაგრამ, ჰარისის კანდიდატურას აქვს მკაფიო პრობლემებიც: ვიცე-პრეზიდენტი არაპოპულარულია, მისი მხარდაჭერის დონე მოსახლეობაში უფრო მაღალია, ვიდრე ბაიდენის მაგრამ მცირედით. ჯამურად ჰარისს მყარად უარყოფითი რეიტინგი აქვს. 

ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევების უმეტესობა მოწმობს, რომ მას შესაძლოა ბაიდენზე უკეთესი შანსები ჰქონდეს, მაგრამ ამავე კვლევების ჰარისს არ აქვს უპირატესობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. 

18 ივლისს  AP-NORC poll-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული 10 ამერიკელიდან მხოლოდ 3 მიიჩნევს, რომ ჰარისი კარგი პრეზიდენტი იქნება. 

ჰარისს ხელს არ უწყობს 2020 წლის წარუმატებული საპრეზიდენტო კამპანიის გამოცდილებაც. 

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კამალა ჰარისის კანდიდატურას ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნენსი პელოსიმ, ასევე პენლისვანიის, მიჩიგანის, ჩრდილოეთ კაროლინას, ილინოისის და დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორებმა. 

მსგავსი სიახლეები