ბაიდენმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე მეორე ვადით დანიშნა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარედ ჯერომ პაუელი მეორე ვადით წარადგინა.
რესპუბლიკური პარტიის წევრი პაუელი ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის პოსტზე პირველად პრეზიდენტმა ტრამპმა 2018 წელს დანიშნა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პაუელი ყურადღებას დაბალი ინფლაციის, ფასების სტაბილურობის და სრული დასაქმების მიღწევას დაუთმობს ყურადღებას. ის ასევე იზიარებს ჩემს შეშფოთებას კლიმატის ცვლილებასთან და საფინანსო სისტემაში აღმოცენებულ რისკებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის გადაწყვეტილებას მზარდი ინფლაციის მოლოდინების ფონზე თანმიმდევრული პოლიტიკის შენარჩუნების სურვილით ხსნიან.
„რატომ არ შევაჩერე არჩევანი დემოკრატზე? მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკას გაურკვეველი ბედი ელის, ჩვენს ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობა და სტაბილურობა გვჭირდება“.
68 წლის პაუელის წარდგენით ბაიდენმა უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას არ გადაუხვია, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტები (ტრამპის გამოკლებით) თავიანთი წინამორბედის მიერ დანიშნულ თავმჯდომარეს ხელახლა ირჩევენ.
სავარაუდოდ, პაუელი კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტიის მხარდაჭერას მიიღებს.
თუმცა, ამერიკის საბანკო სისტემის მთავარ მესვეურს დემოკრატიული პარტიის მარცხენა ფრთის წარმომადგენლებისგან მკაცრი კრიტიკა ელის. პაუელის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმის მიცემას აპირებს სენატორი ელიზაბეთ უორენი, რომელიც პაუელს „უოლ სტრიტის“ - ამერიკის ფინანსური მაგნატების - რეგულაციის საჭიროების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
მეორე ვადით დანიშვნის შემთხვევაში პაუელი არსებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას აპირებს, რომელიც - პანდემიის ფონზე მზარდი ინფლაციის მიუხედავად - საპროცენტო განაკვეთის მკვეთრ მატებას არ ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, პაუელი თვლის, რომ ცენტრალურმა ბანკმა ამერიკის ეკონომიკური გამოჯანმრთელების პროცესში თავისი როლი შეასრულა და ფედერალური რეზერვის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა უნდა შენელდეს.