ბაიდენმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მაისს, წარმოადგინა ახალი გეგმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ. გეგმა ითვალისწინებს დეესკალაციის სამ ეტაპს, რომელიც მოიცავს მუდმივ ზავს და ისრაელის ჯარების ღაზადან გასვლას.
გეგმის მიხედვით, პირველი ეტაპი ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს. ეს მოიცავს ცეცხლის სრულ და საბოლოო შეწყვეტას, ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზას სექტორის დასახლებული პუნქტებიდან და ისრაელის მძევლების დაბრუნებას ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.
მეორე ეტაპი გულისხმობს საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტას და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზას სექტორიდან. გარდა ამისა, ამ ეტაპზე ყველა დარჩენილი მძევალი ისრაელში უნდა დაბრუნდეს.
საბოლოოდ, მესამე ეტაპი მოიცავს ღაზას სექტორის მასიური რეკონსტრუქციის დაწყებას შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, რასაც სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება. ჰამასის ტერორისტების მიერ მოკლული ისრაელის მოქალაქეების ცხედრები, მძევლების ოჯახებს უნდა დაუბრუნონ.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა კატარელი შუამავლების მეშვეობით გადაეცათ "ჰამასის" წარმომადგენლებს. ამერიკის პრეზიდენტმა "ჰამასს" მოუწოდა მიიღოს ეს წინადადება.
ამასთან, მან ისრაელელ პოლიტიკოსებსაც მიმართა.
"ვიცი, რომ ისრაელში არიან ისეთები, რომლებიც არ დაეთანხმებიან ამ გეგმას და ომის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება სურთ," - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია შეთანხმების დადება მის უსაფრთხოებაზე შიშის გარეშე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ "ჰამასი" არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ისრაელი ნებისნიერ დროს შეძლებს სამხედრო ოპერაციის განახლებას. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, "ჰამასი" ვერ შეძლებს ღაზას სექტორში ძალაუფლების შენარჩუნებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს განაცხადა, რომ ღაზაში "მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა" მანამ არ იქნება, სანამ "ჰამასის" სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ განადგურდება.
"ომის დასასრულებლად ისრაელის პირობები არ შეცვლილა: "ჰამასის" სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის," - თქვა ნეთანიაჰუმ.