ბაიდენმა ხელი მოაწერა ინფრასტრუქტურის 1 ტრილიონ დოლარიან ბიუჯეტს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ამერიკაში ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას მოხმარდება.

ბიუჯეტი, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის კომპრომისულ დოკუმენტს წარმოადგენს, ბოლო ორმოცდაათ წელში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ყველაზე მასშტაბურ ინვესტიციას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ხიდებისა და გზების შეკეთება, ტყვიის შემცველი მილების გამოცვლა, ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობა, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოება და სხვა მსგავსი პროექტები.

„კანონპროექტი, რომელსაც ახლა ხელს ვაწერ, იმის დასტურია, რომ ცინიკოსების მიუხედავად, დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ერთად მუშაობა და შედეგების დადება შეუძლიათ“, - განაცხადა ბაიდენმა.

დემოკრატები კონგრესის ორ პალატას მცირე უმრავლესობით აკონტროლებენ, რამაც მმართველი პარტიას რესპუბლიკელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომპრომისზე წასვლა აიძულა.

კიდევ ერთი, უფრო ამბიციური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც სოციალურ პროგრამებში 1,75 ტრილიონი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს, კონგრესის თანხმობას ელოდება. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი სიახლეები