ბაიდენმა Nord Stream 2-ზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქციები მოუხსნა
ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები მოუხსნა კომპანიას, რომელიც ზედამხედველობს Nord Stream 2-ის მშენებლობას.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უნდა გაუგზავნოს 90 დღის ანგარიში, რომელშიც შევლენ ის კომპანიები, რომლებიც Nord Stream 2-ს აშენებენ და სანქციები დაეკისრებათ, თუმცა ზედამხედველი კომპანია სიაში არ იქნება.
კომპანიას, რომელსაც სანქციები მოეხსნა პუტინის მეგობარი და აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვის, შტაზის ყოფილი ოფიცერი მათიას ვარნიგი ხელმძღვანელობს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მოხსნა ამერიკის ეროვნული ინტერესებით ახსნა.
ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს სანქციები დაუწესოს იმ რუსულ გემებს, რომლების გაზსადენის მშენებლობაში არიან ჩართული.
_____________________________________
სენატში დამტკიცებისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა რათა გაზსადენის მშენებლობისთვის ხელი შეეშალა.
გაზსადენის მშენებლობა 95%-ით დასრულებულია და ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს Nord Stream 2-ის გამო გერმანიასთან ურთიერთობები არ დაძაბოს.
ამჟამად ევროპას რუსული გაზი უკრაინის გავლით მიეწოდება. გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, რუსეთი გერმანიამდე გაზს პირდაპირი, ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი გაზსადენით შეიტანს.
Nord Stream 2-ის მშენებლობა სავარაუდოდ ზაფხულში დასრულდება.
წყარო:
axios.com