საფრანგეთი: რუსეთის მიერ გაზის მიწოდების მთლიანად გაჩერებისთვის ვემზადებით

საფრანგეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აცხადებს, რომ „მაღალი ალბათობით“, მოსკოვი ევროპისთვის გაზის მიწოდების სრულად გასაჩერებლად ემზადება.

„დღეს ეს ყველაზე მოსალოდნელი სცენარია“, - განაცხადა ლე მერმა ექს-ან-პროვანსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.

მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა იმ კომპანიების სიას ადგენს, რომლებიც მიწოდების შეფერხების შემთხვევაში გაზი „პრიორიტეტულად“ უნდა მიეწოდოთ.

საფრანგეთი რუსეთისგან მოხმარებული ბუნებრივი აირის 17 პროცენტს იღებს.


მოსკოვმა 11 ივლისს Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეაჩერა, რომელიც რუსეთს და გერმანიას აკავშირებს.

გაზსადენის ოპერატორის განცხადებით, შეფერხება კიდევ ათ დღეს გასტანს.

Nord Stream 1-ში წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადის.

გასულ თვეში რუსეთმა გაზსადენით მიწოდება 40 პროცენტამდე შეამცირა, მიზეზად კი ტექნიკური შეფერხება დაასახელა.

გაზპრომის განცხადებით, კანადა გაზსადენის აღჭურვილობის მიწოდებას აგვიანებს, რომელიც შესაკეთებლად კანადაში იყო გაგზავნილი.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი მიიჩნევს, რომ Nord Stream 1-ით გაზის მიწოდების შეფერხება დაგეგმილ ათ დღეზე უფრო მეტი ხნით შეიძლება გაგრძელდეს.

 

მსგავსი სიახლეები