ევროკომისია: Nord Stream-ის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას არ დავუშვებთ

 

Nord Stream 2-ის ამოქმედება შეჩერდა, რათა გაზსადენი ევროკავშირის წინააღმდეგ ზეწოლის „იარაღად არ გამოიყენონ“, - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.

განცხადება ლატვიელმა ევროკომისარმა 31 დეკემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის დროს გააკეთა.

სადავო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გერმანიას რუსეთს უკავშირებს, კრემლს საშუალებას მისცემს, გაზი ევროპას უკრაინის შუამავლობის გარეშე მიაწოდოს.

„ნებისმიერი პროექტი, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს, უკრაინისთვის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის დაკარგვის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს დომბროვსკისი.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის კონტრაქტების ევროპულ კანონმდებლობასთან - „საერთო ბაზრის“ პრინციპებთან - შესაბამისობას შეისწავლის.

დომბროვსკისმა აღიარა, რომ ენერგეტიკული პროექტების ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება „ახალი მოვლენა“ არ არის.

დღეს ევროკავშირი მოხმარებული ბუნებრივი აირის მესამედს რუსეთიდან იღებს.

Nord Stream 2-ის სერტიფიცირება, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გასულ წელს გერმანიის ფედერალურმა ენერგორეგულატორმა „ტექნიკური ხარვეზის გამო“ შეაჩერა.

 

Nord Stream-ის საგა: ქრონოლოგია

 

უფრო ვრცლად: 

მსგავსი სიახლეები