ბახმუტის მკვიდრი უკრაინის არმიის შესახებ ინფორმაციის რუსებს აწვდიდა
დონეცკის ოლქის ქალაქ, ბახმუტში, ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, რუს დამპყრობლებთან თანამშრომლობდა. ამის შესახებ 12 ივნისს უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.
"2022 წლის მაის-ივნისში უკრაინის მოქალაქე ნებაყოფლობით თანამშრომლობდა აგრესორი ქვეყნის ერთ-ერთი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთან. ინტერნეტ-აპლიკაციის საშუალებით ეჭვმიტანილმა დამპყრობლებს გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის მდებარეობის კოორდინატები ქალაქ ბახმუტში." - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ასეთი მონაცემების გადაცემის 14 ფაქტი დააფიქსირეს.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს (სამხედრო ღალატი).