ბელარუსი სირიაში 200 სამხედროს გაგზავნას აპირებს

 

ბელარუსი სირიაში ორასი ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს.

ამის შესახებ ცნობილი რუსეთის მთავრობის მიერ 7 თებერვალს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს შორის სირიის არაბული რესპუბლიკისთვის „ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაში“ თანამშრომლობას ეხება.

„ბელარუსული სამხედრო კონტინგენტი საომარი მოქმედებების ზონის გარეთ, ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

შეთანხმების პროექტის თანახმად - რომელიც ორივე ქვეყნის მხრიდან რატიფიკაციას საჭიროებს - ბელარუსი ჯარისკაცების ტრანსპორტირების და შეიარაღების ხარჯებს რუსული მხარე კისრულობს.

ბელარუსის რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გავრცელებულ ინფორმაციას "ყალბი" უწოდა.

"დღევანდელი კანონმდებლობით ჯარების ბელარუსის საზღვარგარეთ გაგზავნა შეუძლებელია", - განაცხადა ლუკაშენკამ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ, სირიაში სამხედროების შესაძლო გაგზავნას „ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო" უწოდა.

„იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან 2020 წელს [მოსკოვისგან] ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიიღო, ლუკაშენკო ახლა ფასს ბელარუსის სუვერენიტეტით იხდის“, - აღნიშნა ციხანოუსკაიამ.

 


მანამდე, 2019 წლის მარტში, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების სირიაში გაგზავნას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედროების განთავსება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“.

თუმცა, კონსტიტუციის შესწორებული პროექტით, რომელიც გასული წლის დეკემბერში გასაჯაროვდა, ქვეყნის პრეზიდენტს „კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო მშვიდობის მხარდაჭერის“ მიზნით საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გაგზავნის უფლება ექნება.

ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად რუსეთმა სირიაში შეიარაღებული ძალები 2015 წელს გადასხა. მას შემდეგ რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერის შედეგად ასადმა სირიის ოპოზიციური ძალების უკიდურესად შევიწროება და ქვეყნის 60 %-ზე კონტროლის დამყარება შეძლო.

მსგავსი სიახლეები