ბელგიაში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ბელგიაში ფერმერები მაგისტრალებისა და ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან, ზეებრუგთან მისასვლელი გზების გადაკეტვით მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ ფერმერები საპროტესტო აქციის გამართვას 1 თებერვალს ბრიუსელში, ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისასაც გეგმავენ, რათა საკუთარი ხმა ევროპული გაერთიანების ლიდერებაც მიაწვდინონ.

”მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს მოვუსმინოთ. ისინი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე არიან კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციიდან და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლიდან გამომდინარე“, - ალექსანდრ დე კროო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი. 

ბელგიის გარდა, ევროპის კავშირის მასშტაბით ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები გერმანიასა და საფრანგეთშიც იმართება.

ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას მოითხოვენ. ევროპის კავშირის ახალი მოთხოვნის თანახმად, გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებაში მცხოვრებმა ფერმერებმა პესტიციდებისა და სასუქის გამოყენება თანდათან იმდენად უნდა შეამცირონ, რომ 2030 წლისთვის საკუთარ საზღვრებში მოქცეული ზედაპირის მინიმუმ 20% ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, დაწესებული რეგულაციები შეუძლებელს ხდის, რომ  კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მწარმოებლებს.

გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.

ოლაფ შოლცის კოალიციურმა მთავრობამ („სოციალ-დემოკრატიული პარტია“ + „მწვანეები“ + „თავისუფალი დემოკრატები“) სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად, 2024 წლის ბიუჯეტში 17 მილიარდი ევროს (18,6 მილიარდი დოლარი) ხვრელის შესავსებად, მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები