ბელგოროდის გუბერნატორი: თავდაცვის სამინისტროსთან ბევრი შეკითხვა მაქვს
ВКонтакте-ს პირდაპირ ეთერში ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ მას ბევრი შეკითხვა აქვს თავდაცვის სამინისტროსთან სასაზღვრო რაიონებზე უკრაინელი დივერსანტების თავდასხმასთან დაკავშირებით.
"რატომ არის საზღვარი გახვრეტილი? არ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვოთ რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, თუ ჩვენთან ყველაფერი ცუდადაა?" - ჰკითხა გლადკოვს პირდაპირი ეთერის ერთ-ერთმა მაყურებელმა.
"გეთანხმები, თქვენზე მეტი შეკითხვა მაქვს თავდაცვის სამინისტროსთან. ამიტომ კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არასწორია", - უპასუხა გუბერნატორმა. "ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები დაშვებული შეცდომებიდან. ბელგოროდის რეგიონის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის მთავარი ამოცანა, რაც ყველა სამართალდამცავმა უწყებამ უნდა შეძლოს."
კონტექსტი
23 მაისს უკრაინის მხარეს მებრძოლმა "თავისუფალი რუსეთის" ბატალიონმა საკუთარ Telegram-ზე დაწერა, რომ მათი ოპერაცია ბელგოროდში ამ დრომდე გრძელდება.
რუს მოხალისეთა ლეგიონის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგი, რომელზეც იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ დივერსიული ჯგუფები სრულად განადგურებული და განდევნილია რუსეთის ტერიტორიიდან.
რუს მოხალისეთა ბატალიონის ოპერაციის მიმდინარეობაზე წერს Financial Times-ის კორესპონდენტი, კრისტოფერ მილერიც. ჟურნალისტის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა ლეგიონის მეთაურს, დენის ნიკიტინს, რომელიც კარგ განწყობაზე იყო და მისი ხმა არ გავდა იმ მეთაურის ხმას, რომელმაც ცოტა ხნის 70 მებრძოლი დაკარგა. ნიკიტინის თქმით, ბელგოროდში რუსული ლეგიონის ოპერაცია გრძელდება.
უკვე მეორე დღეა რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიიდან გადმოსული დანაყოფების და მათ მიერ დაკავებული პოზიციების განადგურებას ცდილობენ.