ბერბოკი: ვხედავთ საქართველოს ევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს
დღეს, 23 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, თბილისს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის წინა დღეს კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალენა ბერბოკის განცხადება გაავრცელა, სადაც ის საქართველოს ევროპული კურსის ცვლილების "შიდა და გარე" მცდელობებზე საუბრობს.
"ვხედავთ მცდელობებს, გადაიყვანონ ქვეყანა პრო-ევროპული კურსიდან, რასაც [ევროპულ კურსს] საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ემხრობა. ვხედავთ წნეხს, რომელსაც ქვეყანა შიგნიდან და გარედან განიცდის".
ვიზიტამდე გავრცელებულ განცხადებაში ანალენა ბერბოკი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც საუბრობს.
მისი თქმით, ევროკავშირი თავის ღირებულებებზე "შემოკლებას ან ფასდაკლებას" არ დაუშვებს:
"თბილისში მთავრობასთან ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
დემოკრატიულ სტანდარტებზე ყურადღების გამახვილების გარდა, მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნება და ცივილური საჯარო დებატი - მაშინაც კი, როცა შეხედულებები დაშორებულია.
ევროკავშირში ეს ღირებულებები გვაერთიანებს და მტკიცედ გვწამს, რომ შემოკლებას ან ფასდაკლებას ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს", - ვკითხულობთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ანალენა ბერბოკი დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
გარდა ამისა, ის ილიას უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან და პირადად ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც.
"ჩემი ვიზიტით მინდა ვცხადყო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას", - წერია მინისტრის განცხადებაში.