ბერლუსკონი იტალიის პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის
იტალიის ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ საპრეზიდენტო კანდიდატურა გაიწვია.
„გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამო მივიღე“, - განაცხადა ბერლუსკონიმ და დასძინა, რომ ქვეყნისთვის კრიზისულ პერიოდში მხარს „ეროვნული ერთიანობის“ მთავრობას უჭერდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბერლუსკონი ლიდერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აქამდე 85 წლის პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ ქვეყნის პირველ პირად ასარჩევად, რომელსაც იტალიის საკანონმდებლო ორგანოების ხმოსნები ირჩევენ, საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა.
ბერლუსკონი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, რომელსაც პრეზიდენტის სავარძელში გადანაცვლება სურს, მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უნდა დარჩეს.
კანდიდატურის გაწვევის მიუხედავად, ბერლუსკონი, რომელიც მემარჯვენე პარტია ფორცა იტალიას ხელმძღვანელობს, არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას მაინც მოახერხებს.
იტალიის პრეზიდენტს, რომელიც ძირითადად ცერემონიულ ფუნქციებს ითავსებს, 1009 ხმოსანი - 951 სენატორი და პარლამენტის წევრი, ასევე 58 რეგიონების დელეგატი ირჩევს. ხმის მიცემის პროცესი 24 იანვარს დაიწყება.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ცხრა წლის განმავლობაში -1994-95, 2001-2006 და 2008-2011 წლებში - იკავებდა.
წინააღმდეგობრივი კარიერის პოლიტიკოსი რამდენჯერმე გაეხვა ფინანსურ და სექსუალურ სკანდალში. 2013 წელს ის სასამართლომ საგადასახადო თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და მას გამოსასწორებელი სამუშაო მიუსაჯა.