ბიბი: ღაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გაურკვეველი ვადით ისრაელი იქნება

ბიბი ნეთანიაჰუს თქმით, ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გაურკვეველი ვადით ისრაელი იქნება. 

ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩვენ ვნახეთ რა ხდება მაშინ, როდესაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ჩვენ არ ვართ",- განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ იქნება ღაზის მმართველი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ "ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ წავლენ ჰამასის გზით."

ინტერვიუში ბიბიმ კიდევ ერთხელ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა მძევალთა გათავისუფლების გარეშე - ისრაელის პრემიერის თქმით, შესაძლოა გარკვეული მცირე ხნიანი პაუზები, თუმცა არა სრულფასოვანი ცეცხლის შეწყვეტა. 

კონტექსტი 

საყურადღებოა, რომ ნეთანიაჰუს მიერ გამოყენებულ ფრაზას ისრაელის მთავრობის წევრები ხშირად იყენებენ იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირთან მიმართებით. 

ე.წ. ოსლოს შეთანხმებების მიხედვით, დასავლეთ ნაპირის ნაწილი პალესტინის მუნიციპალური კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ისრაელია. 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ისრაელის ძალოვან უწყებებს დასავლეთ ნაპირზე მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, თუმცა უფრო ყოფით საკითხებზე პასუხისმგებელი პალესტინური ადმინისტრაციაა. 

ამგვარი სქემის პროლიფერაცია ღაზის კონტექსტში გარკვეული პალესტინური უწყების ჩართულობას მოითხოვს, ჯერჯერობით უცნობია მოიძებნება თუ არა ამის მსურველები პალესტინურ ადმინისტრაციაში. 

5 ოქტომბერს ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პალესტინური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მისი უწყება მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. 

მსგავსი სიახლეები