ბლინკენი: უნგრეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მომდევნო კვირებში დაამტკიცებს

ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლოდინი აქვს, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მომდევნო კვირებში დაამტკიცებს.

„შვედეთი უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს ალიანსის ყველა სფეროში. გასული კვირის ბოლოს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება დაამტკიცა. ახლა პროცესის დასასრულებლად, უნგრეთს მოუწევს მოქმედება. მე ველოდები, რომ ეს მომდევნო კვირებში მოხდება, უნგრეთის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას განაახლებს“, - ენტონი ბლინკენი.

კონტექსტი

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსს შეუერთდეს, გაფართოების პროცესს ნატო-ს აბსოლუტურად ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერისგან თავს იკავებდა, რადგან სტოკჰოლმს თურქეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული ეთნიკური ქურთების მფარველობაში ადანაშაულებდა.

გარდა ამისა, ანკარას უკმაყოფილება ივნისში სტოკჰოლმის ცენტრში გამართულმა ანტი-თურქულმა და ანტი-ისლამურმა აქციებმა გამოიწვია, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა ყურანი დაწვეს. მიუხედავად ამისა, 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა და რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა.

31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა.

მიმდინარე წლის 23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.

ამჟამად, ნატო-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, უნგრეთია.

2023 წლის სექტემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განხილვის დაწყებას არ ჩქარობს, რადგან შვედეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუმცა 2024 წლის იანვარში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა.

მსგავსი სიახლეები