ბოლო მონაცემებით ყარაბაღი 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა

ყარაბაღიდან ეთნიკურ სომეხთა გასვლა გრძელდება - ბოლო მონაცემებით რეგიონი უკვე დატოვა 100 ათასზე მეტმა სომეხმა, რაც ომამდელი მოსახლეობის 83%-ია. 

ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს. 

კონტექსტი 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

უკვე 20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

მსგავსი სიახლეები