სომხეთი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას ექვსი თვით ამცირებს

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას 24-დან 18 თვემდე ამცირებს. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.  

ვითარების არსი: კანონპროექტს პარლამენტში 65-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 4 იყო წინააღმდეგი და 20-მა თავი შეიკავა.

  • ვადის შემცირება არ შეეხებათ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრისთვის უკვე გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
  • თავდაცვის სამინისტრომ კანონპროექტის დასაბუთებაში აღნიშნა, რომ ცვლილება დაკავშირებულია მთავრობის 2021–2026 წლების პროგრამის მოთხოვნების "ეფექტურ განხორციელებასთან."
  • ეს პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობის შემცირებას საკონტრაქტო სამსახურის გაფართოების ხარჯზე.
  • "ბოლო წლებში გადაიდგა აქტიური ნაბიჯები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასაფართოებლად, რომლის შედეგებიც პოზიტიურად ფასდება და აჩვენებს ტენდენციას, რომ საკონტრაქტო სამსახური უფრო მიმზიდველი ხდება. ამ კონტექსტში, მიზანშეწონილად ჩაითვალა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობის 24 თვიდან 6 თვით შემცირება," - ნათქვამია დასაბუთებაში.

სტრიქონებს შორის: სომხეთის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ამომრჩევლების სიმპათიის მოპოვების მცდელობაა და წინასაარჩევნო მოსყიდვის ფორმაა.

  • ასეთი პოზიცია გამოხატა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა გეღამ მანუკიანმა, რომელმაც კანონპროექტს უწოდა "ნაბიჯი, რომელიც ხმების მიღების მოლოდინით გადაიდგა."

კონტექსტი: სომხეთის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის ხარჯების თითქმის 16%-ით, 560 მილიარდ დრამამდე ($1.46 მილიარდი - რედ.) შემცირებას ითვალისწინებს.

  • შედარებისთვის, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მხოლოდ 1.89 მილიარდი ლარი იქნება ($700 მილიონი - რედ.).
  • 2026 წელს აზერბაიჯანი თავდაცვაზე 8.7 მილიარდ მანათს ($5.1 მილიარდი - რედ.) დახარჯავს, ზრდა წინა წელთან შედარებით 187 მილიონი დოლარია.  

მსგავსი სიახლეები