ბორელი: რუსეთი დონბასში კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დონბასში კონფლიქტის მხარეა. ამის შესახებ 9 იანვარს, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
ბორელმა აღნიშნა, რომ ის უკრაინას ეწვია, რათა ხაზი გაუსვას ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„უკრაინაში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტში შედგა, როდესაც კონფლიქტი ქვეყნის საზღვარზე გაღრმავების ზღვარზეა“, - აღნიშნა მან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დონბასში ფრონტის პირასაც იმყოფებოდა.
"რუსეთი ამ კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი, როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთთან დაძაბულობა შემცირდეს", - განაცხადა ბორელმა.
ბორელი უკრაინაში ვიზიტით 4-6 იანვარს იმყოფებოდა.