ბორელი: ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავდაცვის პარადიგმა და დაიწყოს საკუთარი თავის დაცვა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, თავის ბლოგში აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვის პარადიგმა უნდა შეცვალოს.
მისი თქმით, ევროკავშირმა თავისი უსაფრთხოება შეერთებულ შტატებს დიდი ხნის განმავლობაში გადააბარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპამ საკუთარ თავს "ჩუმად განიარაღების" უფლება მისცა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი შიდა ბაზრისა და ეკონომიკის ირგვლივ აშენდა, თუმცა, მისი აზრით, ევროკავშირი ამ გზას ვერ გააგრძელებს.
"ჩვენ უნდა ავიღოთ სტრატეგიული პასუხისმგებლობა და შევძლოთ საკუთარი ძალებით დავიცვათ ევროპა, განვავითაროთ ძლიერი ევროპული საყრდენი ნატოს ფარგლებში," - ხაზგასმით წერს ბორელი.
უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ეს ნახტომი ძალიან მოკლე დროში უნდა გააკეთოს.
"არა იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას: ჩვენ გვინდა ავიცილოთ ომი ნებისმიერი აგრესორის საიმედოდ შეკავების საშუალებებით. ეს არ ნიშნავს ევროპული არმიის შექმნას. თავდაცვა არის და დარჩება უახლოეს მომავალში ჩვენი წევრი ქვეყნების ექსკლუზიურ კომპეტენციად," - თქვა მან.
ბორელმა განმარტა, რომ საუბარია უპირველეს ყოვლისა ეროვნულ დონეზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-ზე მეტად გაზრდაზე.
"მაგრამ რაც მთავარია, საქმე ეხება ერთად ხარჯვას ხარვეზების შესავსებად, დუბლირების თავიდან ასაცილებლად და თავსებადობის გასაუმჯობესებლად. ამჟამად, ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის მხოლოდ 18% არის ერთობლივი შესყიდვები." - წერს ის.
ბორელის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა არის საკვანძო ფაქტორი, განსაკუთრებით ისეთი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისთვისაც სიცოცხლე იაფია, ამიტომ, მისი აზრით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც მის საჭიროებებს დააკმაყოფილებდა.