ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ნომერ პირველი საფრთხეა
The Telegraph-თან ინტერვიუში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა განაცხადა, რომ რუსეთი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი საფრთხეა. მისი თქმით, რუსული წყალქვეშა ნავები დიდი ბრიტანეთის სანაპიროს ირგვლივ პატრულირებენ და რუსული გემები “რეგულარულად სტუმრობენ” ბრიტანულ წყლებს.
2020 წელს 26 რუსული გემი და ერთი წყალქვეშა ნავი შევიდა ბრიტანულ წყლებში. 2013 წლიდან 150 მსგავსი ინციდენტია დაფიქსირებული.
როგორც წესი, რუსული გემები ინგლისის სრუტესა და ჩრდილოეთის ზღვაში შედიან, მაგრამ 2020 წელს პირველად დიდი ხნის შემდეგ, რუსული წყალქვეშა ნავები ირლანდიის ზღვაშიც შენიშნეს.
უოლასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს სურს დეესკალაცია, მაგრამ ეს ძალიან რთულია როდესაც ვსაუბრობთ “ქვეყანაზე, რომელმაც სოლსბერიში ადამიანები მოკლა.”