B’Tselem: ბოლო კვირებში ისრაელელი მოახალშეენების მიერ მოკლულია 7 პალესტინელი

7 ოქტომბრის შემდეგ მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ისრაელელ მოახალშენეთა მხრიდან ძალადობის მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს. 

ისრაელის ადამიანის უფლება დაცვის ცენტრის B’Tselem-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელელ მოახელშენეთა თავდასხმების შედეგად მოკლულია სულ 7 პალესტინელი. იმავე პერიოდში ისრაელის ძალოვანი უწყებებთან შეტაკებებში მოკლულია 100-მდე პალესტინელი. გაეროს მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ სახლებიდან გაყარეს 500 პალესტინელი. 

ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე დაძაბულობა ჰამასის თავდასხმამდეც მატულობდა - გახშირდა შეტაკებები მოახალშენეებსა და პალესტინელებს შორის, თუმცა 7 ოქტომბრის შემდეგ დაძაბულობის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. 

B’Tselem-ის ცნობით, მოახალშენეთა აგრესიის ობიექტები თითქმის ყოველთვის მშვიდობიანი პალესტინელები არიან. მოახალშენეთა გახშირებულ თავდასხმებს გასულ კვირას გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც - აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა ბოლო მოუღოს ძალადობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ მოახალშენეები პალესტინელების წინააღმდეგ დაშინებისა და შანტაჟის გამოცდილ მეთოდებს მიმართავენ, რათა პალესტინელებს საცხოვრებლის მიტოვება აიძულონ. 

"იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ღაზაა, ბევრი მოახალშენე ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ დაუსჯელად იმოქმედონ",- ამბობს B’Tselem-ის წარმომადგენელი Washington Post-თან საუბარში

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა, რელიგიურმა ექსტრემისტმა, იტამარ ბენ-გვირმა მოახალშენეების შეიარაღების პროცესი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მოახალშეენებს ათასობით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცათ. 

ახალშენების გაფართოება ისრაელის მთავრობის უცვლელი პოლიტიკაა 1980-იანი წლებიდან - ამ დროისთვის ტერიტორიებზე, რომლებიც ჰიპოტეტურად მომავალი პალესტინური სახელმწიფოს ნაწილია 700 ათასამდე ისრაელელი მოახალშენე ცხოვრობს. 

 

მსგავსი სიახლეები