ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს დაბადების დღე მიულოცეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებმა ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცეს.

ბჟანიას მილოცვაში საუბარია, რომ პუტინი არის "გამოჩენილი და ავტორიტეტული მსოფლიო ლიდერი ისტორიის ამჟამინდელ ეტაპზე."

"თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციაში მართლაც ეპოქალური ცვლილებები მოხდა, რომელმაც გარდაქმნა მისი მოქალაქეების ცხოვრება. ქვეყანამ მიაღწია დიდ სიმაღლეებს და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენი, როგორც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურის საქმიანობა, არის რუსეთის გაძლიერების ისტორია, რომელიც დაფუძნებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - თავისუფლებაზე და სამართლიანობაზე." - განაცხადა ბჟანიამ.

აფხაზი სეპარატისტების ლიდერის თქმით, აფხაზი ხალხი "უზომოდ მადლიერია" პუტინის "პირადი წვლილისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში, მშვიდობის შენარჩუნებისა და რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველოყოფაში."

ოსი სეპარატისტების ლიდრმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ ეს "მნიშვნელოვანი თარიღი არის პუტინის განსაკუთრებული წვლილის შეხსენება რუსეთის აღორძინებაში, რაც სამართლიანად უკავშირდება მის ნაყოფიერ საქმიანობას."

გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ურთიერთობები "პროგრესულად განვითარდება."

მსგავსი სიახლეები