ჩინეთი ლიეტუვას მოუწოდებს არ დაუშვას ვილნიუსში ტაივანის საელჩოს გახსნა
ჩინეთმა ლიეტუვა გააფრთხილა, რომ “არ გააგზავნოს არასწორი სიგნალები” ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართულებით.
პეკინის ტაივანის საკითხების ოფისის განცხადება ლიეტუვის ხელისუფლების მიერ ვილნიუსში ტაივანის დე ფაქტო საელჩოს გახსნის უფლების მიცემას მოჰყვა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Global Times-ის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება ლიეტუვისთვის სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს.
ოფიციალური პეკინი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს. ვილნიუსი “ერთი ჩინეთის” პოლიტიკას იზიარებს და მხოლოდ პეკინის მთავრობას აღიარებს.
თუმცა, ლიეტუვამ განაცხადა, რომ აპირებს ტაივანში სავაჭრო ოფისის გახსნას და მზად არის ვილნიუსში ტაივანს წარმომადგენლობის გახსნის უფლება მისცეს.
ჩინეთისა და ლიეტუვას შორის ურთიერთობა ამ გადაწყვეტილებამდე დაიძაბა. ლიეტუვამ ჩინეთის შექმნილი 17+1 ფორუმი დატოვა, იქამდე კი ქვეყნის პარლამენტმა ჩინეთის მიერ უიღურების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები გენოციდად აღიარა.