ჩინეთი აცხადებს, რომ პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს
ორშაბათს ჩინეთმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენულ სტატუსს, მას შემდეგ რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ინტერვიუმ ევროპაში აღშფოთება გამოიწვია.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მაო ნინგმა განაცხადა.
"ჩინეთი პატივს სცემს რესპუბლიკების სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ", - თქვა მან.
სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი "პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და იცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს."
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან", - თქვა ჩინეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედია არასწორად განმარტავს ჩინეთის პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და "უთანხმოებას თესავს ჩინეთსა და შესაბამის ქვეყნებს შორის" ურთიერთობებში.
საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებს "არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათ სუვერენულ ქვეყნად გამოაცხადებდა."
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიული საკუთრების საკითხი "დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქმება პრობლემა" და ნახევარკუნძული "თავდაპირველად რუსეთს ეკუთვნოდა."
ევროპის არაერთმა სახელმწიფომ ამ განცხადებებს მიუღებელი უწოდა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჩინეთის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.