ჩინეთი სინძიანში გენოციდზე გაეროს ანგარიშის დაბლოკვას ცდილობს - Reuters
ჩინეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარს სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ანგარიშის გამოქვეყნებისგან თავის შეკავება მოსთხოვა, წერს სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე ჩინეთს მაისში ეწვია.
გაეროს მისიის მიზანი სინძიანის პროვინციაში უიღურების და სხვა ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ რეპრესიების გამოძიება იყო.
აშშ პეკინის მიერ მუსლიმი უიღურების შევიწროებას „გენოციდად“ აფასებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ჟენევაში ჩინეთის დიპლომატიური მისია ანგარიშის დაბლოკვას ცდილობს და ამისთვის გაეროს სხვა წევრების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბაშელემ ვიზიტისას „ნამდვილი სინძიანი ნახა, უსაფრთხო და სტაბილური საზოგადოებით“.