ჩინეთის არმია მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სამხედრო წვრთნებში 'Восток-2022"

ჩინეთის "სახალხო გათავისუფლების არმია" მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნებში - "Восток-2022", რომელიც 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში გაიმართება. ამის შესახებ სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

"წლევანდელი გეგმისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არსებული მოლაპარაკებების შესაბამისად, უახლოეს მომავალში სახალხო გათავისულფების არმია გამოყოფს და გაგზავნის სამხედრო ნაწილებს რუსეთში, რომლებიც ჩაერთვებიან დაგეგმილ წვრთნებში", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ჩინეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ერთობლივი წვრთნების მიზანი "რუსეთთან პრაგმატული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებაა". 

კონტექსტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული სამხედრო წვრთნების ჩატარება ივლისში დააანონსა. გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ წვრთნებში ჩაერთვებოდნენ საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო ნაწილებიც, მაგრამ არ იყო დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ქვეყნების. 

აგვისტოს დასაწყისში წვრთნებში მონაწილეობის გეგმები დაადასტურა ბელარუსმაც, რომელიც ადგილზე 250 სამხედროს გაგზავნის. 

ბოლოს სტრატეგიული სამხედრო წვრთნები რუსეთმა მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა. წვრთნებში, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ნაწილები, შავი ზღვის და ჩრდილოეთის საზღვაო ფლოტის ნაწილები პირადად ვლადიმირ პუტინმა გახსნა. 

 

მსგავსი სიახლეები