ჩინეთის პრემიერი: ეკონომიკური ზრდის ტემპები დამაკმაყოფილებელი არ არის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნომინალურმა პრემიერმა ლი კეციანმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა - კეციანის თქმით, ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე კვარტალშია კარგ შემთხვევაში არ შემცირდება. 

კეციანმა მოუწოდა კომუნისტური პარტიის ჩინოვნიკებს და ხელმძღვანელებს მაქსიმალურად დახმარებოდნენ კომპანიებს აღადგინონ საქმიანობა. 

პრემიერის მიმართვა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მაღალი ალბათობით ჩინეთი ვერ შეასრულებს წლევანდელ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5%-ით გაიზარდოს. 

ბოლოს ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის პირველ ტალღის დროს შემცირდა, მანამდე 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა განუხრელად, რეკორდული ტემპებით იზრდებოდა. 

ეკონომიკური აქტივობის შემცირების მიზეზი სი ძინფინგის მიერ ინიცირებული კოვიდ-სტრატეგიაა. ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად, რომლის მთავარი მიზანიც ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად მასშტაბური და მკაცრი ლოქდაუნების დაწესებაა მკვეთრად შეამცირა ეკონომიკური აქტივობა.

ამ დროისთვის კვლავ ჩაკეტილია ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი პორტი შანხაი, უმკაცრესი ლოქდაუნი შანხაიში უკვე ორ თვეზე მეტია მოქმედებს. შანხაის გარდა მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებს ქვეყნის 10-მდე პროვინციაშიც. 

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდოს. ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი და ძალიან ჩამორჩება გეგმას, თუმცა ჩვენ ეს მოგვიწევს",- განაცხადა ლი კეციანმა. 

მისი თქმით, ჩინეთის ეკონომიკა გარკვეული პარამეტრებით უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის დროს. ლი კეციანის თქმით, 18-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობამ რეკორდულ 18.3%-ს მიაღწია. 

კეციანის მიმართვა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის, ახალი ამბების მთავარ გამოშვებაში გავიდა. კეციანმა ვიცე-პრემიერს და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ ეკონომიკური აქტივობის აღსადგენად. 

"მიღწეული პროგრესი დამაკმაყოფილებელი არ არის, ზოგ პროვინციაში ბიზნესების მხოლოდ 30%-მა განაახლა საქმიანობა, ეს მაჩვენებელი 70%-მდე მაინც უნდა გაიზარდოს",- განაცხადა ჩინეთის პრემიერმა. 

ლი კეციანს არ უხსენებია სი ძინფინგის კოვიდ-პოლიტიკა, თუმცა ცნობილია, რომ კომუნისტური პარტიის ელიტასა და პოლიტბიუროში ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება იზრდება. 

24 მაისს Bloomberg წერდა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა ჩინეთისას გადააჭარბოს, რაც ჩინეთის ეკონომიკური რეფორმების დაწყების მომენტიდან, 1976 წლიდან პირველი შემთხვევა იქნება. 

კეციანის მიმართვა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მისი აქცენტები მკვეთრად განსხვავდება წინა დღით გამოქვეყნებული სი ძინფინგის სიტყვისგან, რომელსაც ეკონომიკური პრობლემები თითქმის არ უხსენებია. 

ლი კეციანი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გავლენიანი პოლიტიკოსია, 2012 წლიდან მოყოლებული მისი საჯარო აქტივობები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო არენაზე ეტაპობრივად მცირდებოდა. 

ბოლო თვეების განმავლობაში ლი კეციანი საჯარო აქტივობას დაუბრუნდა, ის გაცილებით უფრო ხშირად ჩანს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, ასევე მკვეთრად იმატა მისმა მედია აქტივობამაც. 

 

მსგავსი სიახლეები