ჩინეთის ქალაქ თიენძინში 14 მილიონ ადამიანს 48 საათში დატესტავენ
ჩინეთის ქალაქ თიენძინში კორონავირუსის კლასტერის აღმოჩენის შემდეგ 14 მილიონი ადამიანის 48 საათში დატესტვას გეგმავენ.
ტესტის გაკეთებამდე ქალაქის მცხოვრებლები ვალდებული არიან სახლში დარჩნენ. კოვიდ-პასპორტის მისაღებად მათ ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის აუცილებელია.
თიენძინში ტესტირების პუნქტებში უზარმაზარი რიგებია.
ქალაქში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 2 ომიკრონ შტამია.
ჩინეთს "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა აქვს, რაც ვირუსის სრულად განადგურებას გულისხმობს.
მსოფლიოს სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ჩინეთი წერტილოვანი ლოქდაუნების პოლიტიკას მიმართავს, რომელიც ვირუსის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობის გამოვლენის შემთხვევაშიც კი წესდება.
1 თებერვალს ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას, ეს პოლიტიკა შესაძლოა სერიოზული საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ობიექტი გახდეს. მილიონობით ადამიანი ქვეყნის შიგნით სამოგზაუროდ წავა, ახალი წლიდან რამდენიმე დღეში კი პეკინში ზამთრის ოლიმპიადა დაიწყება.