ჩინეთის შუამავლობის შედეგად ირანი და საუდის არაბეთი დიპ. ურთიერთობებს აღადგენენ

პეკინში გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგად საუდის არაბეთის და ირანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. 

ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალი შამხანის თქმით, შეთანხმების წინაპირობა ებრაჰიმ რაისის ვიზიტი გახდა - ირანის პრეზიდენტი სახალხო რესპუბლიკას მიმდინარე წლის 16 თებერვალს ეწვია, სადაც თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა. 

შამხანის თქმით, სწორედ სი ძინფინგისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი შეთანხმება საუდის არაბეთთან. შამხანის თქმით, შეთანხმებამდე ცოტა ხნით ადრე ის პეკინში ასევე შეხვდა თავის არაბ კოლეგას. 

შეთანხმების შედეგად გავრცელებული სამმხრივი განცხადების მიხედვით, საუდის არაბეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო 2 თვის განმავლობაში გამართავენ შეხვედრას, რომელზეც საელჩოს გახსნისა შესახებ განაცხადებენ. 

ალი შამხანის თქმით, შეთანხმება მკვეთრად შეაფერხებს გარე ძალებისა და 'სიონისტური' რეჟიმისგან მომავალ დესტაბილიზაციის მცდელობებს. 

საუდის არაბეთის უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის თქმით, მეფე სალმანი და ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანი თავიდანვე მიესალმებოდნენ ჩინეთის ჩართულობას და სამეფოს ირანთან ურთიერთობებში ახალი თავის დაწერა სურს.

შეთანხმებას "მშვიდობის გამარჯვება" უწოდა ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიპლომატმა, ვან იმ, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში. 

თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ საუდიელმა პარტნიორებმა დროულად აცნობეს ადმინისტრაციას მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა განმარტა, რომ აშშ პროცესში არ მონაწილეობდა. 

კონტექსტი 

საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა - საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები 2016 წელს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თეირანში მობილიზებულმა დემონსტრანტებმა სამეფოს საელჩოს შენობას შეუტიეს. 

ამასთანავე, შეთანხმება დიდი მიღწევაა ჩინეთისთვის, რაც ახლო აღმოსავლეთში სახალხო რესპუბლიკის გაზრდილ როლსა და გავლენაზე მეტყველებს. 

საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად დაძაბული იყო, ეს პირველ რიგში განპირობებული იყო იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომით, რომელშიც ისინი მხარს უჭერენ დაპირისპირებულ მხარეებს. 

2019 წელს საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დრონების მასშტაბური შეტევა განხორციელდა - ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც წლებია ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერით სარგებლობენ. 

 

მსგავსი სიახლეები