ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესორად გამოცხადებას

ჩინეთის დელეგაციამ გაეროში პირველად დაუჭირა მხარი გენერალური რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აგრესორადაა მოხსენიებული. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან ამ დრომდე სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია როგორც წესი თავს იკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 

კენჭისყრის შედეგები ისლანდიის დელეგაციამ გამოაქვეყნა. 

რეზოლუციაში, რომელიც გაეროს და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას ეხება საუბარია "იმ უპრეცედენტო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ხოლო კიდეფ უფრო ადრე საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ აღმოჩნდა."

რეზოლუციაში, ასევე საუბარია რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ზიანის ანაზღაურებისა და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობაზე. 

ჩინეთის გარდა რეზოლუციას მხარი დაუჭირა - ყაზახეთმა, სომხეთმა, საქართველომ, ინდოეთმა და ბრაზილიამ. ჯამურად რეზოლუციას მხარი დაუჭირა 122 სახელმწიფომ, ხოლო 18 თავი შეიკავა. 

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა სულ ხუთმა სახელმწიფომ მისცა, ესენია: რუსეთი, სირია, ბელარუსი, ნიკარაგუა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 

კონტექსტი 

უკრაინაში მიმდინარე ომი მიღებული რეზოლუციის მთავარი თემა არ არის, ამიტომაც რთული სათქმელია მეტყველებს თუ არა ჩინეთის გადაწყვეტილება ქვეყნის შეცვლილ პოზიციაზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. 

ომის დაწყებიდან ამ დრომდე ჩინეთის ხელისუფლება უარს ამბობს დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. პარალელურად ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ სახალხო რესპუბლიკა პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

 

 

მსგავსი სიახლეები